პრეზიდენტი მთავრობას ულტრამემარჯვენე ჯგუფებთან მიმართებით უმოქმედობის გამო აკრიტიკებს 

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მართალია, 2021 წლის 5 ივლისის მოვლენების შემდეგ ერთი წელი გავიდა „დღეს, საზოგადოება ისევ ელოდება დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას“.

„ეს ის რეალობაა, რომლის საფუძველზეც, პრორუსული, ძალადობრივი, ჰომოფობიური და აგრესიული დაჯგუფებები ამ პერიოდში გაძლიერდნენ. გაძლიერდნენ იმ ქვეყანაში, რომლის ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რაც სრულიად მიუღებელია“, – დაწერა პრეზიდენტმა Facebook-ზე 5 ივლისს.

პრეზიდენტის თქმით, რუსეთის მიმართ მეგობრულად განწყობილი ულტრამემარჯვენე ჯგუფების გაძლიერება „აზიანებს ჩვენს ევროპულ პერსპექტივას“.

ულტრამემარჯვენე ჯგუფების აკრძალვის მოთხოვნასთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ „დემოკრატიული პრინციპების მქონე ქვეყანაში აკრძალვა უნდა იყოს ბოლო, უკიდურესი ნაბიჯი და ძლიერი სამართლებრივი არგუმენტებით გამყარებული, რათა არ დარჩეს ეჭვი, რომ აქ არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ხელყოფა“. მისივე თქმით, „მსგავსი გადაწყვეტილების მიღებაც შესაძლებელია საჭირო გახდეს“.

„ამ უკიდურესი გადაწყვეტილების მიღებამდე ყველამ თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და მიუღებელი იყოს ამ ჯგუფების დაცვა და მათი პრორუსული და ანტიევროპული პროპაგანდის წახალისება“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ამ კუთხით, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვა, დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემა, მათი საქმიანობის კონტროლი და მათი დაფინანსების წყაროების იდენტიფიცირება. „ეს კი ხელისუფლების უშუალო პასუხისმგებლობაა“, – დასძინა სალომე ზურაბიშვილმა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)