ირაკლი კობახიძე: კელი დეგნანის განცხადება შეურაცხმყოფელია პარლამენტისთვის და სახელმწიფოსთვის

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 8 ივლისს განაცხადა, რომ აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის რეაგირება დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილის ღია წერილზე „არის, რბილად რომ ვთქვათ, დასანანი და პარლამენტისთვის და სახელმწიფოსთვის შეურაცხმყოფელი“.

აღნიშნა რა, რომ მისი გამოხმაურება განაპირობა კოლეგიალობამ და სახელმწიფო ინტერესებმა, კობახიძემ განაცხადა, რომ იგი არ ეთანხმება ელჩის განცხადების არც ფორმას და არც შინაარსს. ამ ბოლოსთან დაკავშირებით, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ თქვა, რომ ელჩმა, ფაქტობრივად, არ უარყო მიხეილ ყაველაშვილის ბრალდებები სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას და „საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს“ ხელმძღვანელის, ეკა გიგაურის წინააღმდეგ. ყაველაშვილის თქმით, როგორც ლომჯარია, ისე გიგაური, რომელთაც აშშ უჭერს მხარს, ემხრობოდნენ საქართველოს ჩართვას რუსეთთან ომში. ელჩმა დეგნანმა ყაველაშვილის წერილს „ტყუილებით და კონსპირაციული თეორიებით სავსე“ უწოდა.

კობახიძის მსგავსად, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემაც აღნიშნა, რომ კელი დეგნანის განცხადება არის არა მხოლოდ ერთი დეპუტატის, არამედ ქართველი ამომრჩევლის შეურაცხყოფა. ხუნდაძემ, ყაველაშვილთან და კიდევ ერთ დეპუტატთან, სოზარ სუბართან ერთად მმართველი პარტია 28 ივნისს დატოვა. მაშინ დეპუტატებმა პირობა დადეს, რომ საზოგადოებას „ქართული პოლიტიკის კულისებში“ მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას „თანდათანობით“ და „დოზირებულად“ მიაწვდიან. მათივე თქმით, ევროკავშირის კანდიდატობის თემით მთავრობამ თავი „სათაგურში“ შეყო.

მიუხედავად მმართველი პარტიიდან წასვლისა, „ქართული ოცნების“ სამი ყოფილი წევრის განცხადებები პარლამენტის ოფიციალურ გვერდებზე ქვეყნდება. ელჩმა დეგნანმა გუშინ განაცხადა, რომ მათი ნარატივი „ძალიან ახლოსაა მმართველი პარტიის სხვა ლიდერების მოსაზრებებთან“.

მოსაზრება „ომში ჩათრევის“ თაობაზე

იმის თაობაზე, რომ დასავლეთი საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობდა, მმართველმა პარტიამ პირველად მაისის დასაწყისში მიანიშნა, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარტიის დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი დასავლეთის ფინანსურ ინსტიტუტებში ტრანსაქციების განხორციელების კუთხით გარკვეული პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. აშშ-ის ჩართულობის შესახებ ბრალდებები მოგვიანებით ხელისუფლებასთან დაახლოებულმა ექსპერტებმა, ივანიშვილის ადვოკატებმა და ირაკლი კობახიძემაც გააჟღერეს. თუმცა, შემდეგ მათ უარყვეს აშშ-ის დადანაშაულება საქართველოს ომში ჩათრევასთან დაკავშირებით. მას შემდეგ, საქართველოს ომში ჩათრევის მიზნით დასავლეთისა და პროდასავლური ადგილობრივი ოპოზიციის შეთქმულების თაობაზე სპეკულაცია ქართული ოცნების პოლიტიკური რიტორიკის მთავარ შემადგენელ ნაწილად იქცა, რომელიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარის შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდა.

ასევე წაიკთხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)