ომბუდსმენი „შემაშფოთებლად“ მიიჩნევს ჟურნალისტებზე შესაძლო უკანონო მიყურადებაზე ცნობებს
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა 15 ივლისს განაცხადა, რომ „შემაშფოთებლად მიიჩნევს ცნობებს კრიტიკული მედიასაშუალების წარმომადგენლების შესაძლო უნებართვო მიყურადების და ჩაწერის შესახებ“.
ომბუდსმენის განცხადება 13 ივლისს, ხელისუფლებასთან დაახლოებული ტელეწამყვანისა და მომღერლის, გია გაჩეჩილაძის (უცნობი) მიერ გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერს მოჰყვა. ჩანაწერის თანახმად, სავარაუდოდ, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გადაცემა „პოსტ ფაქტუმის“ თანამშრომლები ერთ-ერთი სიუჟეტის დაგეგმვაზე მსჯელობენ.
ომბუდსმენის აპარატის განცხადებით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მედიის წარმომადგენლებზე სავარაუდო უკანონო მიყურადების შესახებ ხდება ცნობილი. „[აღნიშნულს] ნეგატიური გავლენა აქვს ბოლო პერიოდში მედიის თავისუფლების ისედაც გაუარესებულ ხარისხზე“.
სახალხო დამცველის ოფისი მიიჩნევს, რომ მედიის წარმომადგენლებზე „მიყურადების პრაქტიკას მსუსხავი ეფექტი აქვს“ ჟურნალისტების მხრიდან გამოხატვის თაფისუფლების უფლებით სარგებლობაზე და მისი მიზანი მათი „დაშინება“ და „საქმიანობაში ხელშეშლაა“.
ომბუდსმენის თქმით, აღნიშნული მავნე პრაქტიკა განსაკუთრებით საგამოძიებო ჟურნალისტიკისთვის არის საზიანო, სადაც წყაროს კონფიდენციალურობის დაცვას „დამატებითი მნიშვნელობა“ აქვს.
„ჟურნალისტებთან კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევამ შესაძლოა, აიძულოს პოტენციური მამხილებელი, თავი შეიკავოს მედიასთან თანამშრომლობისგან, რაც საბოლოოდ, საჯარო ინტერესის სფეროში შემავალი საკითხების საზოგადოებრივი ზედამხედველობის მიღმა დარჩენის საფრთხეს ქმნის“, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
ომბუდსმენის აპარატი აცხადებს, რომ „აქტიურად მიადევნებს თვალს „მთავარი არხის“ თანამშრომლების შესაძლო მიყურადების ფაქტზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაწყებულ გამოძიებას“ და სამსახურს გამოძიების შესახებ საზოგადოების „პერიოდული“ და „პროაქტიული“ ინფორმირებისკენ მოუწოდებს.
„მთავარი არხის“ ჟურნალისტებზე სავარაუდო უკანონო მიყურადების საქმეზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება 14 ივლისს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით (I) დაიწყო, რაც კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევას გულისხმობს და 2-4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ასევე წაიკითხეთ:
- არასამთავრობოების თქმით, ე.წ. მოსმენების საქმეზე გამოძიება არაეფექტიანად მიმდინარეობს
- პროკურატურამ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)