სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე დააკავეს
„სამოქალაქო საქართველოს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში (სუსი) 16 ივლისს დაუდასტურეს, რომ სუს-ის უფროსის ყოფილი მომადგილე, იოსებ (სოსო) გოგაშვილი დააკავეს. უწყების ცნობით, იგი ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გოგაშვილის დაკავებაზე დამატებითი დეტალების შესახებ ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია. მასალა სუს-ის განცხადებისთანავე განახლდება.
ამასთან, ჩანაწერის გავრცელების შემდეგ, 15 ივლისს სოსო გოგაშვილმა Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში მმართველი ძალა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გაყალბებაში ამხილა და თქვა, რომ არჩევნების გაყალბების „მთლიანი სტრუქტურის“ შესახებ მტკიცებულებები „ყველა შესაბამის ორგანიზაციას“ გადასცა, ასევე „თვითმხილველები და მოწმეები „ მედიას და სხვა ორგანიზაციებს დააკავშირა. „რა სიბინძურეს ხარშავთ. აქამდე თქვენს მიერ გაფუჭებული და აქოთებული ძალიან ბევრი საქმე შემატენეთ. ახლა ის ძველიც დაგიბრუნდებათ მისხალ მისხალ ყველას(დიდსაც და პატარასაც)თქვენ თქვენი წილი და ამ ახალ მოხარშულ სიმყრალესაც ვეღარ შემტენით მე“, – მიმართა მან მმართველ გუნდს.
სუს-ის ყოფილი მოადგილის დაკავების შესახებ ცნობები მედიით 16 ივლისს, გვიან ღამით გავრცელდა. მედიის ინფორმაციით, გოგაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ღამის დაახლოებით 01:00 სთ-ზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.
გოგაშვილის მეუღლის, თეა მარტყოფლიშვილის მტკიცებით, სამართალდამცველებმა მის მუეღლეს ერთი ცეცხლსასროლი იარაღი საწოლის ქვეშ მეორე კი – კარადაში, საწოლის გვერდით მდებარე ტუმბოში კი – „ფლეშკა, კომპიუტერი, წერილობითი დოკუმენტები და მეხსიერების ბარათი“ ჩაუდეს.
მისივე მონაყოლით, სამართალდამცველებმა მას არც სასწრაფო დახმარების გამოძახების უფლება მისცეს და არც ადვოკატთან დაარეკინეს. „კინოში მეგონა თავი, შემოვარდნენ, ჩემი ბიჭი დააგდეს, ხელები სულ დალურჯებული აქვს, სოსოც ეგრე დააგდეს…“, – უთხრა მან ჟურნალისტებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)