ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი რიგგარეშე სესიაში მონაწილეობაზე „ოცნების“ უარს ეხმიანებიან
პრეზიდენტის მიერ რიგგარეშე საპარლამენტო სესიაზე დასწრების შესახებ ქართული ოცნების მიერ 18 ივლისს გაცხადებულ უარს ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის კრიტიკა მოჰყვა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ რიგგარეშე სესიაზე არდასწრებით ქართული ოცნება ევროკომისიის მიერ გაცემული 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებაზე ამბობს უარს.
ქართული ოცნების განაცხადზე, რომ ოპოზიციის მიერ შეთავაზებული საკითხების დიდი ნაწილი კომიტეტებში არც კი განხილულა, ბეჟაშვილმა უპასუხა, რომ შესაძლებელი იყო, რიგი საკითხები დღეს განეხილათ, რიგგარეშე სესია კი – უახლოეს დღეებში ჩაენიშნათ, თუმცა ბიურომ ამაზე კონსტიტუციის დარღვევით თქვა უარი. „პრაქტიკულად ამით უარს გვეუბნებიან საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე“.
სტრატეგია აღმაშენებლის დეპუტატმა, გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, რომ ქართული ოცნება დღეს მოქალაქეებისა და დასავლელი პარტნიორების წინაშე „სტრატეგიულად“ დამარცხდა. „[პლენარულ სხდომათა დარბაზის] ჩარაზული კარი არის იმის სიმბოლო, როგორ უნდათ, რომ ჩარაზონ საქართველოს პერსპექტივა და ევროკავშირი არ შემოახედონ საქართველოში, დაგვტოვონ რუსეთთან პირისპირ“, – უთხრა მან ჟურნალისტებს.
პარტია საქართველოს დეპუტატის, მიხეილ დაუშვილის შეფასებით კი, პირველი რაც ქართული ოცნების გადაწყვეტილებით ვნახეთ, არის ის, რომ ისინი პრეზიდენტის ინსტიტუტს პატივს საერთოდ არ სცემენ. ხაზი გაუსვა რა, რომ რიგგარეშე სესია დეპოლარიზაციისა და ევროინტეგრაციისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა, დაუშვილმა აღნიშნა, რომ მმართველმა პარტიამ ბოიკოტი საკუთარ მოქალაქეებს და ქვეყანას გამოუცხადა.
მისივე თქმით, სხდომათა დარბაზის ჩაკეტილი კარი იმ ბრძოლის სიმბოლოცაა, რომელიც ქართულ ოცნებას საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ „აქვს გაჩაღებული“. „ჩვენ ამას ასე არ დავტოვებთ და აუცილებლად გავიმარჯვებთ“, – ხაზი გაუსვა მან.
ლელოს დეპუტატის, დავით უსუფაშვილის მტკიცებით, მმართველი პარტიის არგუმენტი, რომ თითქოს რიგგარეშე სესიის დასაწყებად დღის წესრიგში საკითხები არ გვაქვს, მართებული არ არის, რადგანაც „რიგგარეშე სესიის ფარგლებში შესაძლებელია სხდომა გაიხსნას და ეგრევე გავაგრძელოთ კომიტეტებში მუშაობა“.
„ქართული ოცნების ამოცანა არ არის ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრირება. ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს და თან ცდილობენ ეს ისე გააკეთონ ან ოპოზიციას დაბრალდეს ან თავად ევროკავშირს“, – განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა, შალვა შავგულიძემ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ გამოხმაურება
„მოვუწოდებთ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს რიგგარეშე სესიით განსაზღვრული საკითხები განიხილონ კომიტეტის სხდომებზე, დაესწრონ რიგგარეშე პლენარულ სხდომას და მხარი დაუჭირონ საკანონმდებლო ცვლილებებს, რაც ჩვენ ქვეყანას წინ წასწევს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“.
რიგგარეშე სესიის მოწვევა შეაფასა რა „პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევისაკენ გადადგმულ ნაბიჯად“, ორგანიზაციამ მოუწოდა მმართველ პარტიას „უარი არ თქვან კონსტრუქციულ თანამშრომლობაზე, ხელი შეუწყონ ნდობის აღდგენას“.
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ თქმით, სწორედ „მმართველი პარტიის პასუხისმგებლობაა ხელი შეუწყოს პოლარიზაციის შემცირებას, არა მხოლოდ მის მიერ დადგენილ ფორმატში თანამშრომლობა შესთავაზოს ოპოზიციას, არამედ კონკრეტული ცვლილებების მიღებით დაადასტუროს ევროკავშირის მოთხოვნების შესრულების ნება“.
ორგანიზაციაში არცხადებენ, რომ რიგგარეშე სესიაზე უარი თანამშრომლობასა და რეალური ცვლილებების განხორციელებაზე უარის თქმად იქნება აღქმული.
ასევე წაიკითხეთ:
- პრეზიდენტმა რიგგარეშე საპარლამენტო სხდომა მოიწვია
- საპარლამენტო ოპოზიცია მიმართავს პრეზიდენტს, რომ რიგგარეშე საპარლამენტო სხდომა მოიწვიოს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)