გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს სტუმრობს
გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტმა კატრინ გიორინგ-ეკარდტმა საქართველოში ერთდღიანი ვიზიტი პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან შეხვედრით დაიწყო.
19 ივლისს გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ევროკავშირში წევრობის გზა მიმოიხილეს და საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო აქტიურად იმუშავებს კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის რეკომენდაციების განხორციელებაზე.
- ევროკავშირის ქვეყნები ერთხმად: „საქართველოს მომავალი ევროკავშირშია“
- ევროკომისიის მოხსენებითი ბარათი: რეკომენდაციები საქართველოსთვის
შეხვედრის შემდეგ, ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „ახლა მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის რეკომენდაციები თანმიმდევრულად შესრულდეს“.
შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ კატრინ გიორინგ-ეკარდტი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა, სადაც ხაზი გაუსვა, რომ უკრაინისა და მოლდოვის მსგავსად, საქართველოსაც აქვს გერმანიის მხარდაჭერა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. მან საქართველოს ხელისუფლებას აღებული კურსის გაგრძელებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
ვიზიტის ფარგლებში, ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტი ასევე შეხვდა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ნიკოლოზ სამხარაძეს და ევროპული ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს, მაკა ბოჭორიშვილს და მათთან ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებისთვის ქვეყნის გეგმა განიხილა.
„ჩვენ ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტს ვუთხარით, რომ იმედგაცრუებული ვართ, რადგან საქართველომ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი. თუმცა, ასევე ძალიან ნათლად და მკაფიოდ ავუხსენით მას, რომ რეკომენდაციები ზედმიწევნით იქნება შესრულებული და გამოვთქვით დიდი იმედი, რომ ევროკავშირი დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს, რაზეც იყო პასუხი, რომ თუ ჩვენ ყველა ამ საკითხს შევასრულებთ, მაშინ კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, გერმანიის მხრიდან უპირობო მხარდაჭერა გვექნება“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ვიზიტის ფარგლებში, გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტი ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაშიც მიიღებს მონაწილეობას, რომელიც შეეხება კულტურის, დემოკრატიისა და ევროპის საკითხებს, ევროპულ ინტეგრაციაზე ფოკუსირებით. ამავე დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ დავით უსუფაშვილი, პარტია ლელოდან; გიორგი მაისურაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის ხელმძღვანელი და დოკუმენტალისტი და პროდიუსერი, სალომე ჯაში.
ასევე წაიკითხეთ:
- ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტს ღია წერილით მიმართავს
- ქართული ოცნება პრეზიდენტის მიერ მოწვეულ რიგგარეშე სესიას არ დაესწრება
- ევროპის საბჭოს კრიტიკული ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)