ირაკლი კობახიძე კარლ ჰარცელს აკრიტიკებს
მას შემდეგ, რაც კარლ ჰარცელმა 20 ივლისს განაცხადა, რომ საქართველოში ევროკავშირის ელჩის 4-წლიან მანდატს ასრულებს, ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ „სამწუხაროდ“, კარლ ჰარცელი „მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობებში“.
„ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის, იმის გამო, რომ ჩვენ განაცხადი გვქონდა წარდგენილი ევროკავშირში, ეს იყო მიმდინარე პროცესი და ა.შ. ვერიდებოდით მასზე კომენტარის გაკეთებას“, – თქვა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძემ იქვე იმედი გამოთქვა, რომ „მომავალი ელჩი განსხვავებულად იმოქმედებს“.
ირაკლი კობახიძის შემდეგ, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, დეპუტატმა ნიკოლოზ სამხარაძემ ასევე განაცხადა, რომ კარლ ჰარცელს „შეეძლო უკეთესად ემუშავა, იმისთვის, რომ საქართველოს [ევროკავშირის წევრობის] კანდიდატის სტატუსი მიეღო“.
კარლ ჰარცელს, რომელიც ელჩის თანამდებობაზე 2018 წლიდან მსახურობდა, პაველ ჰერჩინსკი ჩაანაცვლებს.
ამჟამად, ჰერჩინსკი ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) მმართველი დირექტორია ერთიანი უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკისა და კრიზისებზე რეაგირების საკითხებში. იგი ასევე მსახურობდა უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის საკითხებში EEAS-ის დირექტორის პოსტზე. მანამდე, ჰერჩინსკის პოლონეთის ელჩის თანამდებობა ეკავა პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტში.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)