სასამართლომ აჭარის მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსის გათავისუფლება უკანონოდ ცნო
ბათუმის საქალაქო სასამართლოში „სამოქალაქო საქართველოს“ დაუდასტურეს, რომ ნაწილობრივ დააკმაყოფილეს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის, შორენა ღლონტის სარჩელი და 2020 წელს, მისი სამსახურიდან გათავისუფლება უკანონოდ ცნეს.
სასამართლომ არ დააკმაყოფილა საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე აღდგენის შესახებ შორენა ღლონტის მოთხოვნა და აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს მისთვის მხოლოდ 20 000-ლარიანი კომპენსაციის გადახდა დააკისრა. ამასთან, მაუწყებელს შორენა ღლონტისთვის სამსახურიდან გათავისუფლებიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე სახელფასო განაცდურის სახით ყოველთვიურად დამატებით 2 500 ლარის გადახდაც მოუწევს.
არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებით, რომელიც სასამართლოში ღლონტის უფლებებს იცავდა, „პოზიციების შეჯერების შემდგომ“, ღლონტის საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიციაზე აღდგენაზე უარს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
ამბის წინაისტორია
შორენა ღლონტი, რომელსაც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის პოსტი 2014 წლიდან ეკავა, თანამდებობიდან 2020 წლის თებერვალის ბოლოს გაათავისუფლეს და ვებგვერდის კონსულტანტის პოზიციაზე გადაიყვანეს. სამთვიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, მას ხელშეკრულება აღარ გაუგრძელეს.
აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესები თავდაპირველად საზოგადოების ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც 2019 წლის აპრილში, მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი, ნათია კაპანაძე ვადის ამოწურვამდე რამდენიმე თვით ადრე, იმპიჩმენტის წესით გაათავისუფლა და მის ნაცვლად, გიორგი კოხრეიძე აირჩია. კოხრეიძის კანდიდატურას მხარი მრჩეველთა საბჭოში ქართული ოცნების კვოტით შესულმა წევრებმა დაუჭირეს. საგულისხმოა, რომ კაპანაძის გათავისუფლებას წინ მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის მიმართ მმართველი გუნდის წევრების ღია უკმაყოფილება უძღვოდა.
კოხრეიძის ხელმძღვანელობის პირობებში, მაუწყებლიდან არაერთი თანამშრომელი გაუშვეს. მთელი ამ ხნის განმავლობაში, მაუწყებელში „განსხვავებული აზრის“ გამო „ადამიანების დევნასა“ და „შევიწროებაზე“ აქტიურად საუბრობდნენ თანამშრომლები და არასამთავრობო სექტორი. აღნიშნულის გასაპროტესტებლად თანამშრომლებმა არაერთი საპროტესო აქციაც გამართეს. შორენა ღლონტის მსგავსად, სასამართლოს მაუწყებლიდან გათავისუფლებულმა თუ ძველ პოზიციას კოხრეიძის გადაწყვეტილებით ჩამოშორებულმა არაერთმა თანამშრომელმა მიმართა.
ასევე წაიკითხეთ:
- არასამთავრობოები აჭარის მაუწყებელში მიმდინარე „საგანგაშო პროცესებზე“ საუბრობენ
- „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენების გამო შეშფოთებას გამოხატავს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)