თბილისს გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტი სტუმრობს

გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტი, აბდულა შაჰიდი 23 ივლისს საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა და ქვეყნის ოფიციალურ პირებს შეხვდა.
25 ივლისს, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ, აბდულა შაჰიდმა Twitter-ზე დაწერა, რომ მხარეებმა გაეროში საქართველოს პრიორიტეტებზე, რეგიონში მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე, მდგრად განვითარებასა და ტურიზმზე იმსჯელეს. მანვე აღნიშნა, რომ აფასებს მრავალმხრივობისა და ქალთა უფლებებისა და შესაძლებლობების გაფართეობისადმი საქართველოს ერთგულებას.

თავის მხრივ, სალომე ზურაბიშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტთან ოკუპირებულ აფხაზეთში, კურორტ ბიჭვინთის რუსეთისთვის გადაცემის საკითხზე შეშფოთება გამოხატა და მას „ანექსიის ერთ-ერთი ფორმა უწოდა“.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, გუშინვე, საქართველოს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე მხარეებმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოსა და ორგანიზაციის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს. მათვე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობასა და კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში გაეროს როლის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღებას.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრები

გუშინ, აბდულა შაჰიდი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს შეხვდა და მასთან სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოსა და ორგანიზაციას შორის მჭიდრო თანამშრომლობაზე იმსჯელა, მათ შორის, მშვიდობისა და უსაფრთხოების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და მდგრადი განვითარების მიმართულებით.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარულ მდგომარეობაზეც იმსჯელეს და რუსეთის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას გაუსვეს ხაზი.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრაზე, პარლამენტის სპიკერმა, შალვა პაპუაშვილმა შაჰიდის პრეზიდენტობის ვადაში „განსაზღვრული პრიორიტეტების მიმართ საქართველოს მხარდაჭერა გამოხატა“.

„გლობალური გამოწვევების გათვალისწინებით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა მრავალმხრივი დიპლომატიის, წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის და პოლიტიკაში ქალთა უფრო აქტიური მონაწილეობის მხარდაჭერის მნიშვნელობას“, – ნათქვამია პარლამენტის პრესამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ვიზიტის ფარგლებში, აბდულა შაჰიდი ცხინვალის საოკუპაციო ხაზსაც ეწვია და სოფელ წეროვანის დევნილთა დასახლებაც მოინახულა.

შენიშვნა: მასალა 2022 წლის 26 ივლისს, 15:45 სთ-ზე, აბდულა შაჰიდის საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერთან შეხვედრების შესახებ ინფორმაციის შესაბამისად განახლდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)