ოკუპირებულ აფხაზეთში ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს
ოკუპირებული აფხაზეთის „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა“ 25 ივლისს განაცხადა, რომ გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში მცხოვრები, 24 წლის ქრისტინე თაკალანძის წინააღმდეგ ჯაშუშობის ბრალდებით საქმე აღძრა.
უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიება რეგიონის „სისხლის სამართლის კოდექსის“ 274-ე მუხლით მიმდინარეობს და თაკალანძეს, რომელიც 20 ივლისს დააკავეს, 10-15-წლამდე პატიმრობა ემუქრება.
„უსაფრთხოების სამსახურის“ მიერ გავრცელებულ თაკალანძის დაკავებისა და მისი პირადი ნივთების ჩხრეკის ამსახველ ვიდეოში ჩანს რამდენიმე ქართული პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, საბანკო და სააფთიაქო ბარათები, ასევე ქართული ქორწინების მოწმობა. კადრებში აგრეთვე ჩანს ქართული ანბანით ნაწერი ორი წერილი. ერთში დაუზუსტებელი პირი გალიდან ან ზუგდიდიდან გარკვეული მედიკამენტის ჩამოტანას ითხოვს. მეორე, ნაწილობრივ დამწვარ წერილში კი – ასევე დაუზუსტებელ პირთან ნდობაში შესვლასა და გარკვეული ინფორმაციის მიღებაზეა საუბარი.
„სამოქალაქო საქართველოს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 26 ივლისს განუცხადეს, რომ თაკალანძის „უკანონო დაკავების ფაქტთან“ დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს. ასევე გააქტიურდა ევროკავშირის ეგიდით მოქმედი ცხელი ხაზი.
„საქართველოს მოქალაქის უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ყველა არსებული მექანიზმის გამოყენებით“, – განაცხადეს სუს-ში და დასძინეს, რომ „საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას და უკიდურესად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს“.
ასევე წაიკითხეთ:
- ქართველებისადმი მეგობრულად განწყობილ ტყვარჩელელ ტიკტოკერს ღალატში ადანაშაულებენ
- ოკუპირებულ აფხაზეთში ირაკლი ბებუას 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)