ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთს სტუმრობს
საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი 26 ივლისს ყაზახეთის რესპუბლიკას ეწვია, სადაც დღეს პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევსა და პრემიერ ალიხან სმაილოვს შეხვდა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ყაზახეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პერსპექტივასა და ინვესტიციების სფეროში არსებულ თანამშრომლობაზე იმსჯელეს.
ამავე ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა პრეზიდენტ ტოკაევს უთხრა, რომ „ერთი კონკრეტული გზავნილით გეწვიეთ, რათა გავაძლიეროთ და გავზარდოთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობა და კავშირები გავაღრმაოთ ყველა მიმართულებით“ და ხაზი გაუსვა, რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა გასულ წელს 42%-ით გაიზარდა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობითვე, ირაკლი ღარიბაშვილმა, თავის მხრივ, პრემიერ სმაილოვს „პარტნიორობისა და თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისთვის ჩვენი მზაობა“ დაუდასტურა.
პრემიერმინისტრთან ერთად ყაზახეთში ასევე იმყოფებიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, რომელიც ყაზახეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს, მუხტარ ტლეუბერდის შეხვდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა სხვა საკითხებთან ერთად, სავაჭრო-ეკონომიკურ, ტრანსპორტის, ტურიზმისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობაზე იმსჯელეს.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)