არასამთავრობოებმა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების გეგმა წარადგინეს
სამოქალაქო საზოგადოების მიერ დაფუძნებულ ინიციატივაში – „გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ“ – გაერთიანებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა 27 ივლისს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის მიერ გაცემული 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების გეგმა წარმოადგინეს.
დოკუმენტის ავტორების თქმით, წარმოდგენილი გეგმა შეიცავს „კრიტიკულად მნიშვნელოვანი რეფორმების აბსოლუტურ მინიმუმს, რაც აუცილებელია კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის“ და პოლიტიკური ნების მიერ არსებობის შემთხვევაში, 2022 წლის ბოლომდე მისი შესრულება შესაძლებელია.
ქვემოთ ევროკომისიის მიერ გაცემული თითოეული რეკომენდაციის შესრულების არასამთავრობოებისეული ხედვაა წარმოდგენილი:
პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხის გადაჭრა პოლიტიკურ პარტიებს შორის თანამშრომლობის უზრუნველყოფის გზით 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებით:
პარლამენტში ძალაუფლების განაწილებასთან დაკავშირებით 19 აპრილის შეთანხმებაში შემოთავაზებული იყო, რომ: 1) პარლამენტში, 5 კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა უნდა დაიკავონ საპარლამენტო ოპოზიციის წევრებმა. ამ ხუთ კომიტეტს შორის, ორი სავალდებულოდ უნდა იყოს საფინანსო-საბიუჯეტო და ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტები. დანარჩენი სამი კომიტეტი, რომლის თავმჯდომარეც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი იქნება, განისაზღვრება ოპოზიციასა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის შეთანხმებით. 2) ერთ-ერთი მუდმივი საპარლამენტო დელეგაციის თავმჯდომარე საპარლამენტო ოპოზიციის წევრი იქნება. პარლამენტმა ცვლილებები უნდა შეიტანოს პარლამენტის რეგლამენტში.
უზრუნველყოფილ იქნას ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის სრულყოფილი მუშაობა, გაძლიერდეს მათი დამოუკიდებლობა და ეფექტიანი ანგარიშვალდებულება, ასევე მათი დემოკრატიული ზედამხედველობის ფუნქციები:
1) საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება – შესაბამისი ცვლილებები პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო. საჭიროა კიდევ ორი მოსმენა საბოლოო დამტკიცებისთვის.
2) 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმების მიხედვით საარჩევნო კოდექსში ცვლილებების მიღება: I) ცესკოს თავმჯდომარე და პროფესიული წევრები აირჩევიან პარლამენტის წევრთა ორი მესამედის უმრავლესობით. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ან/და პროფესიული წევრების არჩევის ჩიხური მდგომარეობიდან გამოსვლის მექანიზმი იქმნება შემდეგნაირად: 1) პირველი ორი მცდელობა საჭიროებს ორი მესამედის უმრავლესობას. მესამე მცდელობა – სამი მეხუთედის უმრავლესობას. შემდგომი მცდელობა – უბრალო უმრავლესობას. 2) კენჭისყრა არ უნდა ჩატარდეს, თუ წინა კენჭისყრიდან სულ მცირე 4 კვირა არ არის გასული 3) ნებისმიერი დანიშვნა განხორციელებული ჩიხური მდგომარეობიდან გამოსვლის მექანიზმით (ორ მესამედზე ნაკლებით) უნდა იყოს დროებითი, შეზღუდული ექვსი თვის ვადით, რომლის განმავლობაშიც ხელახლა უნდა დაიწყოს დანიშვნის სტანდარტული პროცედურა. II) ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ ისინი არ შეინარჩუნებენ მოვალეობის შემსრულებელ თანამდებობებს ახალი წევრების დანიშვნამდე და თანამდებობას დატოვებენ.
3) საპარლამენტო უმრავლესობამ უნდა აიღოს ვალდებულება, რომ ცესკოს შემდეგი თავმჯდომარე და პროფესიული წევრები დაინიშნოს პარლამენტის ორი მესამედის მიერ, რათა უზრუნველყოფილი იქნას პოლიტიკური დეპოლარიზაცია და ნდობა საარჩევნო პროცესის მიმართ.
მიიღოს და განახორციელოს მართლმსაჯულების რეფორმის გამჭვირვალე და ეფექტიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2021 წლის შემდგომი პერიოდისათვის, რომელიც დაეფუძნება ფართო, ინკლუზიურ და პარტიათა შორის წარმართულ საკონსულტაციო პროცესს:
1) სასამართლო რეფორმის ახალი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიღება და განხორციელება – სამოქმედო გეგმა უნდა შემუშავდეს ინკლუზიურ და მრავალპარტიულ ფორმატში, სახალხო დამცველისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ჩართულობით. სასამართლო რეფორმის სტრატეგია უნდა დამტკიცდეს ყველა აქტორის, მათ შორის სახალხო დამცველის, ფართო მხარდაჭერით.
2) განახორციელოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საფუძვლიანი რეფორმა: I) მოსამართლეთა შერჩევისა და დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს ორმაგი 2/3-ის საფუძველზე (ამ პრინციპის მიხედვით, გადაწყვეტილება საჭიროებს მოსამართლე წევრების 2/3-ის და არამოსამართლე წევრების 2/3-ის თანხმობას). II) პოლიტიკურ კონსენსუსს უნდა ეფუძნებოდეს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის გადაწყვეტილებაც. უნდა დაინერგოს „ორმხრივი“ (საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის თანხმობით) დანიშვნის პრინციპი, ან დადგინდეს პარლამენტის სრული შემადგენლობის მაღალი კვორუმი- ⅗. ეს გამორიცხავს უზენაესი სასამართლოს ფორმირებას ოპოზიციის თანხმობის გარეშე.
3) დაინიშნონ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დარჩენილი არამოსამართლე წევრები – მომდევნო სესიაზე პარლამენტმა ხუთი არამოსამართლე წევრი უნდა აირჩიოს. კანდიდატი უნდა იყოს მიუკერძოებელი, კეთილსინდისიერი და კომპეტენტური. საბჭოში უნდა დაინიშნოს მაღალი საზოგადოებრივი ნდობის მქონე კანდიდატები, რომელთა თაობაზეც პოლიტიკურ პარტიებს შორის ფართო კონსენსუსი იქნება. ეს მნიშვნელოვნად შეცვლის ძალთა ბალანსს საბჭოში, შექმნის ახალ სიმძიმის ცენტრს ხუთი დამოუკიდებელი წევრით.
4) შეფასდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ყველა ბოლოდროინდელი დანიშვნა და საჭიროების შემთხვევაში გადაიხედოს დანიშვნის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებები.
5) გენერალური პროკურორის დანიშვნის წესში ცვლილების შეტანა -19 აპრილის შეთანხმების შესაბამისად, გენერალური პროკურორის დანიშვნის წესი უნდა შეიცვალოს. გენერალური პროკურორი უნდა დანიშნოს პარლამენტმა ხმების ⅗ უმრავლესობით.
6) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულებისთვის საკანონმდებლო ცვლილებების მიღება.
გააძლიეროს ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობა, რომელიც თავს მოუყრის ყველა საკვანძო ანტი-კორუფციულ ფუნქციას; განსაკუთრებით:
1) ანტიკორუფციული სააგენტო -ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ კანონპროექტი, რომელიც უკვე ინიცირებულია პარლამენტში, აერთიანებს სამ ანტიკორუფციულ დეპარტამენტს, რომლებიც ამჟამად გაფანტულია სხვადასხვა ინსტიტუტებში (ანტიკორუფციული სააგენტო – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დეპარტამენტი; სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის დეპარტამენტი და საჯარო სამსახურის ბიუროს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის დეპარტამენტი) და აყალიბებს დამოუკიდებელ ინსტიტუტს, რომელსაც ევალება კორუფციასთან, მათ შორის მაღალი დონის კორუფციასთან ბრძოლა.
2) სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის გაძლიერება – სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის დანიშვნის წესი უნდა შეიცვალოს. კანდიდატების დანიშვნა უნდა მოხდეს პარლამენტის მიერ პოლიტიკური კონსენსუსის საფუძველზე (შესაძლოა პარლამენტის 3/5-ის უმრავლესობით).
„დეოლიგარქიზაციის“ პირობისადმი ერთგულება, რაც უნდა მიღწეული იქნას ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში კერძო ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის საშუალებით:
ამ 12-პუნქტიანი ჩამონათვალის ყველა სხვა პირობის შესრულებამ ავტომატურად უნდა გამოიწვიოს დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ოლიგარქიული გავლენის შემცირება. ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოპოზიციის ჩართულობით მთავარი პროკურორის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების და ცესკოს თავმჯდომარის დანიშვნის ახალი წესის მიღება, ასევე ანტიკორუფციული სააგენტოს გამოყოფა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან და მისი დამოუკიდებელ ინსტიტუტად ჩამოყალიბება.
ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება, რაც უნდა დაეფუძნოს საფრთხის დეტალურ შეფასებებს:
სამართალდამცავ ორგანოებს აქვთ შესაბამისი შესაძლებლობები და რესურსები, ასევე საკანონმდებლო ბაზა, რათა ეფექტურად დაძლიონ ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებული პრობლემები. ეს პირობა მოითხოვს პრაქტიკის გაუმჯობესებას.
უფრო ძლიერი ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული თავისუფალი, პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიაგარემოს უზრუნველსაყოფად:
1) ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს კრიტიკული მედია საშუალებების მიმართ მიმდინარე გამოძიებები და სასამართლო პროცესები, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის ოფისის მიერ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებად არის მიჩნეული. ხელისუფლების ნების დემონსტრირება შეიძლება იყოს ტელეკომპა ნია „მთავარი არხის“ დირექტორისა და დამფუძნებლის ნიკა გვარამიას ციხიდან გათავისუფლე ბა. არსებობს რამდენიმე სამართლებრივი გზა, რათა აღსრულდეს ეს ნება, მათ შორის პრეზიდენტის შეწყალება.
2) პროკურატურამ, მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ომბუდსმენის ოფისის მიერ შეგროვებული მრავალი მტკიცებულების გათვალისწინებით, უნდა განაახლოს მიუკერძოებელი, ეფექტური და დროული გამოძიება 2021 წლის 5-6 ივლისს მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობის ორგანიზატორებისა და შემსრულებლების წინააღმდეგ. ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს გამოძიება მედიის წარმომადგენლების მასიური ფარული მიყურადება/თვალთვალის საქმეებზე, Ხოლო დაწყებული გამოძიებები ბოლომდე მიიყვანოს.
3) პარლამენტმა, ფართო კონსენსუსის საფუძველზე, უნდა უზრუნველყოს მედიის მარეგულირებელი საკანონმდებლო აქტების ჰარმონიზება ევროკავშირის აუდიოვიზუალური მედია სერვისების დირექტივასთან; განსაკუთრებით ეს საჭიროა თანარეგულირების ეფექტურ სისტემასთან მიმართებით, რომელსაც სთავაზობს სამოქალაქო საზოგადოება და ჟურნალისტუ რი გაერთიანებები, რომლის მიხედვითაც ეთიკური დავები უნდა გადაწყდეს სპეციალური პროფესიული საბ ჭოს მიერ და არა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ, რომლის როლი არ უნდა აღემატებოდეს მის ამჟამინდელ სამართლებრივ მანდატს.
გაძლიერდეს მოწყვლადი ჯგუფების ადამიანის უფლებათა დაცვა:
1) სრულყოფილად იქნას გამოძიებული 2021 წლის 5 ივლისს დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაულები და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ორგანიზატორები პასუხისგებაში იქნან მიცემულნი.
2) ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის მიღება.
გაძლიერდეს ძალისხმევა გენდერული თანასწორობის ზრდისთვის და ქალთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობის წინააღმდეგ:
1) სქესობრივი დანაშაულები, მათ შორის გაუპატიურების მუხლი, მოვიდეს შესაბამისობაში სტამბულის კონვენციასთან. 2. დამტკიცდეს გენდერული ძალადობის და ოჯახში ძალადობის ახალი სამოქმედო გეგმა. 3. სერვისებზე ხელმისაწვდომობისათვის გაუქმდეს „მსხვერპლის სტატუსის“ მოთხოვნა.
უზრუნველყოფილი იქნას სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების ყველა დონეზე:
1) ღია მმართველობის პარტნიორობის ფორმატი უფრო ეფექტური გახდეს. უფრო კონკრეტულად, მთავრობის ადმინისტრაციამ ღია მმართველობის საბჭოს კენჭისყრის დროს სამოქალაქო საზოგადოების წევრების მიერ შემოთავაზებული მინიმუმ 2 მთავარი (ე.წ. ვარსკვლავური) ვალდებულება უნდა აიღოს.
2) მთავრობის ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობა ეროვნული დონის პოლიტიკის/სტრატეგიის დოკუმენტების და მათი სამოქმედო გეგმების შემუშავების პროცესში.
მიღებული იქნეს კანონი, რომლის თანახმადაც ქართული სასამართლოები პროაქტიულად გაითვალისწინებენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განაჩენებს თავიანთ გადაწყვეტილებებში:
საქართველოს საერთო სასამართლოებისთვის გაიდლაინების მიღება, რომელიც მოითხოვს ECHR პრაქტიკის პროაქტიულ გამოყენებას. ეს უნდა გაკეთდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით.
უზრუნველყოფილი იქნეს, რომ სახალხო დამცველის ნომინირების პროცესში უპირატესობა მიენიჭოს დამოუკიდებელ კანდიდატს და პროცესი წარიმართოს გამჭვირვალედ; დაცული უნდა იყოს აპარატის ეფექტიანი ინსტიტუციური დამოუკიდებლობა:
კანდიდატის შეთანხმება უნდა მოხდეს მრავალპარტიული კონსულტაციების გზით. დანიშვნა პარლამენტში ორმხრივი (ოპოზიციის უმრავლესობამ ასევე უნდა დაუჭიროს მხარი დანიშვნას) მხარდაჭერით უნდა განხორციელდეს.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)