შშმ არასრულწლოვანზე ძალადობისთვის დაკავებულ ერთ-ერთ პოლიციელს პატიმრობა მიუსაჯეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში „სამოქალაქო საქართველოს“ 29 ივლისს დაუდასტურეს, რომ ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს 2022 წლის 23 იანვარს, თბილისში, ისნის მეტროსადგურში 17 წლის შშმ ახალგაზრდის ცემის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი პოლიციელი, ნუკრი ბაქრაძე და სასამართლომ მას 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

საქმის გამოძიება მაშინ ჯერ კიდევ მოქმედმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო და შშმ ახალგაზრდას ცემის საქმეზე ორი პოლიციელი ინციდენტიდან ორ დღეში, 25 იანვარს დააკავეს.

ბაქრაძეს გამოძიება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამცირებელ მოპყრობას ედავებოდა, მეორე დაკავებულს, კახა ბაკაშვილს კი, რომელიც ძალადობის ინციდენტს შეესწრო, თუმცა მოძალადე კოლეგის შეჩერება არ უცდია, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას.

„სამოქალაქო საქართველოს“ თბილისის საქალაქო სასამართლოში ასევე დაუდასტურეს, რომ ბაკაშვილი გამოძიებასთან თანამშრომლობისა და ბრალის აღიარების შემდეგ, ერთი თვის წინ, სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.


სამართალდამცველის მიერ შშმ არასრულწლოვნის ცემის ამსახველი კადრები მედიით 2022 წლის 24 იანვარს გავრცელდა. ერთ-ერთ ვიდეოში ჩანდა, რომ პოლიციელმა ახალგაზრდას დაახლოებით ხუთჯერ მაინც დაარტყა, მის გვერდით მდგარი მეორე პოლიციელი კი – საქმეში არ ერეოდა და მოძალადის შეჩერებას არ ცდილობდა.

კიდევ ერთ ვიდეოში ისიც ჩანდა, რომ ინციდენტამდე პოლიციელმა ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც ესკალატორზე იდგა, ხელი მოჰკიდა, მისი თანმხლები პირი კი – სამართალდამცველს აფრთხილებდა, რომ იგი „ყრუ-მუნჯი“ იყო და ხელი გაეშვა.

„ყრუ-მუნჯია? რო ავალაპარაკო ეხლა?“, – უპასუხა პოლიციელმა და ახალგაზრდა მეტროსადგურის ოთახში შეიყვანა. „ეხლა უნდა ავალაპარაკო“, – თქვა მანვე და მისთვის დარტყმამდე დასძინა, რომ სანამ მისი მშობლები არ მოვიდოდნენ, მანამდე ახალგაზრდას არ გაუშვებდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)