გუდაურთან სამაშველო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა

29 ივლისს, სამთო კურორტ გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენის დროს, კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდნილი ორი მოქალაქის სამაშველო ოპერაციაში ჩართული შსს-ს კუთვნილი ვერტმფრენის ჩამოვარდნისას, ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვერტმფრენში, რომელმაც სამაშველო ოპერაციის დროს კონტროლი დაკარგა, ეკიპაჟის 4 წევრი, ასევე შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 მედიკოსი იმყოფებოდნენ.

საქმეზე გამოძიება საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს.

უბედური შემთხვევის ადგილზე დღეს, შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაურიც ჩავიდა, რომელმაც განაცხადა, რომ ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზებს ექსპერტები დაადგენენ. მისივე ინფორმაციით, პარაპლანით ფრენისას ჩამოვარდნილებიდან, ერთი უცხოელი ტურისტი იყო, რომელიც ასევე გარდაიცვალა, მასთან ერთად მყოფი ქართველი გიდი კი, დაშავდა და იგი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

გარდაცვლილის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს საქართველოს პრეზინდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა და პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა. მომხდარი ტრაგედიის გამო 30 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)