მედია: მიკროსაფონანსოზე თავდამსხმელს უზენაესმა სასამართლომ სასჯელი კვლავ გაუზარდა

მედიის ცნობით, უზენაესმა სასამართლო მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელ ლევან ზურაბაშვილს, რომელიც 2020 წლის 20 ნოემბერს ორგანიზაციის დიდუბის ფილიალში შეიჭრა და 19 ადამიანი მძევლად აიყვანა, ბრალი კვლავ დაუმძიმა და 7-წლიანი პატიმრობა ისევ 9 წლამდე გაუზარდა.

თავდაპირველად, თბილისის საქალაქო სასამართლომ ლევან ზურაბაშვილს, რომელსაც ბრალდება ორი ან მეტი პირის მძევლად ჩაგდებას (144-ე, მე-2, „გ“) ედავებოდა, 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა, მოგვიანებით, სააპელაციო სასამართლომ მას წარდგენილი ბრალი ორი ან მეტი პირისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით (143, მე-3, „გ“) შეუცვალა და სასჯელი 7-წლამდე შეუმცირა.

ინტერნეტგამოცემა „ნეტგაზეთი“ ზურაბაშვილის ადვოკატზე, ბექა ჯანელიძეზე დაყრდნობით წერს, რომ დაცვის მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დასტურდებოდა, რომ ბრალდებულს თავისუფლება უკანონოდ არავისთვის აღუკვეთავს. ჯანელიძის თქმით, სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, გადაწყვეტენ წაიღებენ თუ არა საქმეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.


ზურაბაშვილის დაკავებისას, გენერალურ პროკურატურაში განაცხადეს, რომ მან ცეცხლსასროლი იარაღისა და ხელყუმბარის მსგავსი საგნების გამოყენების მუქარით 19 მძევალი აიყვანა.

დაკავებამდე ზურაბაშვილს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შენობაში მძევლები დაახლოებით სამი საათის განმავლობაში ჰყავდა, რა დროსაც, მან Facebook-ის საშუალებით ვიდეოც გაავრცელა, სადაც იგი აზარტული თამაშების აკრძალვას, მედიკამენტების ფასების გაიაფებასა და ბანკებისთვის სესხებზე წლიურ საპროცენტო განაკვეთზე მაქსიმუმ 7%-იანი ლიმიტის დაწესებას ითხოვდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)