„TI საქართველო“: გასულ წლებთან შედარებით საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება იზრდება
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ 3 აგვისტოს მიერ 3 აგვისტოს გამოქვეყნებულ კვლევაში ნათქვამია, რომ გასულ წლებთან შედარებით საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება იზრდება, რაც ძირითადად რუსეთიდან ფულადი გზავნილების „ნახტომისებურად მატებითაა განპირობებული“, ხოლო საქართველოდან რუსეთში ცალკე აღებული საქონლის ექსპორტი კი – შემცირდა.
ორგანიზაციის ცნობით, 2022 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ რუსეთიდან ფულადი გზავნილებით, ტურიზმით და საქონლის ექსპორტით დაახლოებით 1.2 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2021 წლის იმავე პერიოდში რუსეთიდან ამავე წყაროებით მიღებულ შემოსავალზე 2.5-ჯერ მეტია, პანდემიამდე, 2019 წლის იანვარ-ივნისში რუსეთიდან მიღებულ შემოსავალს კი – 36%-ით აჭარბებს.
ტურიზმი და ფულადი გზავნილები
კვლევის თანახმად, 2022 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში რუსი ვიზიტორების შემოსვლის ტემპი „მნიშვნელოვნად“ დაჩქარდა და ქვეყანაში 247 000 ვიზიტორი შემოვიდა. თუმცა, ეს მაჩვენებელი 2019 წლის იმავე პერიოდის მონაცემზე 3-ჯერ ნაკლებია. საანგარიშო პერიოდში, ქვეყანაში შემოსული ვიზიტორების ჯამურ რაოდენობაში რუსების წილი 15.2% იყო, რაც 2018-2019 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელებს ჩამორჩება.
კვლევის მიხედვით, მიმდინარე წლის აპრილ-ივნისში 6.5-ჯერ გაიზარდა საქართველოში რუსეთიდან ფულადი გზავნილების რაოდენობა და 678 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. „ასეთი მაღალი ზრდის მთავარი მიზეზი საქართველოში საცხოვრებლად გადმოსული რუსეთის მოქალაქეებია, რომლებსაც რუსეთიდან უგზავნიან ფულს“.
საქართველოში რეგისტრირებული რუსული კომპანიები
„საქართველოში სულ 13 500-მდე რუსული კომპანიაა [კომპანიები რომელთა მფლობელები რუსეთის ფედერაციის იურიდიული პირები ან/და მოქალაქეები არიან] რეგისტრირებული და მათი ნახევარი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დარეგისტრირდა“, – ნათქვამია კვლევაში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ თქმით, 2022 წლის მარტში, აპრილში, მაისსა და ივნისში საქართველოში 6 400-მდე რუსული კომპანია დარეგისტრირდა, რაც 2021 წლის წლიურ მაჩვენებელზე 7-ჯერ მეტია.
კვლევის თანახმად, მარტიდან დარეგისტრირებულ კომპანიების 93% ინდივიდუალური საწარმოა, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ „რუსეთის მოქალაქეების ნაწილი საქართველოში საცხოვრებლად და ბიზნესის საკეთებლად გადმოვიდა“.
იმპორტი და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები
კვლევის მიხედვით, 2022 წლის იანვარ-ივნისში, რუსეთიდან იმპორტი 51%-ით გაიზარდა და 706 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. რუსეთიდან იმპორტის წილი საქართველოს ჯამური იმპორტის 11.9% იყო, რაც ბოლო 15 წლის მაქსიმუმია.
ამასთან, უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყებიდან რუსეთიდან ყველაზე მეტად – 280%-ით (118 მლნ აშშ დოლარით) ნავთობპროდუქტების იმპორტი გაიზარდა; 4-ჯერ (9 მლნ აშშ დოლარით) გაიზარდა ელექტროენერგიის იმპორტი; 3-ჯერ გაიზარდა ქვანახშირისა და კოქსის იმპორტიც და ჯამში 23 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
„იმპორტის ზრდის მიუხედავად, რუსულ ელექტროენერგიას საქართველოს შიდა მოხმარებაში მხოლოდ 3.5% უჭირავს. 8%-მდეა რუსეთის წილი ბუნებრივი აირის შიდა მოხმარებაშიც“, – ნათქვამია კვლევაში.
დოკუმენტის მიხედვით, კვლავ მაღალია რუსულ ხორბალსა და ფქვილზე საქართველოს დამოკიდებულება და მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში, რუსული ხორბლისა და ხორბლის ფქვილის წილი საქართველოს ხორბლის და ხორბლის ფქვილის მთლიან იმპორტში 95% იყო.
ამასთან, 11.2 მლნ აშშ დოლარით შემცირდა რუსეთიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2022 წლის პირველ კვარტალში.
ექსპორტი რუსეთში
კვლევის მიხედვით, 2022 წლის იანვარ-ივნისში რუსეთში საქართველოს ექსპორტი 2.8%-ით შემცირდა და 256 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 16%-ით შემცირდა რუსეთში ექსპორტი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რაც „ძირითადად ღვინის და უალკოჰოლო სასმელების ექსპორტის კლებამ განაპირობა“.
„ტრადიციულად, რუსულ ბაზარზე მაღალი დამოკიდებულებით ღვინის ექსპორტი გამოირჩევა. 2022 წლის იანვარ-ივნისში რუსეთში ექსპორტირებული 58 მლნ აშშ დოლარის ღვინო საქართველოს ჯამური ღვინის ექსპორტის 58% იყო“, – ვკითხულობთ კვლევაში.
რეკომენდაციები
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ თქმით, მნიშვნელოვნად გაზრდილი რუსული საქონლის იმპორტი, ფულადი გზავნილები და საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მიერ კომპანიების დაფუძნება ზრდის რისკს, რომ საქართველო რუსეთზე დაწესებული სანქციების გვერდის ასავლელად იყოს გამოყენებული. ამიტომ, ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას:
- უფრო აქტიურად და დაჩქარებულად დაიწყოს მუშაობა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გაფორმებაზე ყველა სტრატეგიულ პარტნიორთან, რომელთანაც ჯერ არ გვაქვს ასეთი შეთანხმება;
- სახელმწიფო ბიუჯეტიდან სუბსიდიები (გრანტი, შეღავათიანი კრედიტი და სხვა) არ გასცეს ისეთ ბიზნესზე, რომელიც რუსეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულებას ზრდის;
- შეიმუშაოს რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შემცირების სტრატეგია.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)