48 დეპუტატი გმობს აშშ-ისა და ევროკავშირის წინააღმდეგ ხელისუფლების „ცილისმწამებლურ“ კამპანიას
საქართველოს პარლამენტის 48 ოპოზიციონერი და დამოუკიდებელი დეპუტატი გმობს ომში ჩართვაზე საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორების – აშშ-ისა და ევროკავშირის წინააღმდეგ ხელისუფლების „ცილისმწამებლურ და დეზინფორმაციულ კამპანიას“ და საქართველოში აშშ-ის მოქმედ ელჩს, კელი დეგნანსა და ევროკავშირის ყოფილ ელჩს, კარლს ჰარცელს „სრულ მხარდაჭერას“ უცხადებს.
4 აგვისტოს გავრცელებულ ერთობლივ წერილში, აღიარებენ რა, აშშ-ისა და ევროკავშირის „უდიდეს დამსახურებას“ საქართველოს სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებაში, დეპუტატები აღნიშნავენ, რომ „განსაკუთრებით საგანგაშოა“, რომ აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების მიმართ „ცილისმწამებლურ თავდასხმებში“, თითქოს ისინი საქართველოს ომში ჩართვას ცდილობენ, მმართველი გუნდის წარმომადგენლებთან ერთად, „სასამართლო კორპუსის გარკვეული წარმომადგენლებიც არიან ჩართულნი“.
„მიუხედავად ზემოხსენებული ელჩების არაერთი საჯარო განცხადებისა, რომ შეერთებულ შტატებს და ევროკავშირს არ სურთ და არც არასდროს სურვებიათ რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს ომში ჩართვა და რომ ამგვარი გამონათქვამები სიმართლეს არ შეესაბამება, ქართული ოცნება მაინც ჯიუტად აგრძელებს სიცრუის ტირაჟირებას“, – ხაზს უსვამენ ოპოზიციონერი დეპუტატები.
- ირაკლი კობახიძე კარლ ჰარცელსა და კელი დეგნანს კიდევ ერთხელ აკრიტიკებს
- ირაკლი კობახიძე კარლ ჰარცელს აკრიტიკებს
- ირაკლი კობახიძე: კელი დეგნანის განცხადება შეურაცხმყოფელია პარლამენტისთვის და სახელმწიფოსთვის
ამ კონტექსტში, ისინი ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მიერ 27 ივლისს გამოქვეყნებულ წერილსაც იხსენებენ, სადაც მან აშშ-ის ელჩთან შეხვედრა დაადასტურა და ხაზს უსვამენ, რომ ივანიშვილი არაფერს ამბობს მათ შორის გამართული საუბრის შინაარსზე.
„[ამით ივანიშვილი] შეფარვით ამყარებს „ქართული ოცნების“ ზემოხსენებულ მესიჯს, თითქოს დასავლეთს საქართველოს „ომში ჩათრევა“ სურს. აღნიშნული მიუთითებს ბიძინა ივანიშვილის კავშირზე „ქართული ოცნების“ ამ ანტისახელმწიფოებრივ კამპანიასთან“, – აცხადებენ დეპუტატები.
ოპოზიციონერი დეპუტატები მიიჩნევენ, რომ მმართველი ძალის ამგვარი ქმედების მიზანი საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესის ხელშეშლაა, მაშინ როდესაც საქართველოს კონსტიტუციის *78-ე მუხლის თანახმად, ამის უზრუნველყოფა „საქართველოს კონსტიტუციური ორგანოების და ე.ი. ქართული ოცნების ხელისუფლების ვალდებულებას წარმოადგენს“.
„მივმართავთ ქართული ოცნებას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების – შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის წინააღმდეგ წარმოებული, ზემოხსენებული ცილისმწამებლური და დეზინფორმაციული კამპანია“, – ხაზს უსვამენ ოპოზიციონერი დეპუტატები.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)