მოქალაქეთა ნაწილი რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებას ითხოვს
3 აგვისტოს რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეთათვის სავიზო რეჟიმის შემოღების მოთხოვნით ინტერნეტში პეტიცია შეიქმნა, რომელსაც ამ დროისთვის (4 აგვისტოს 18:20 სთ) უკვე 14 000-ზე მეტი მოქალაქე აწერს ხელს.
საქართველომ რუსეთთან სავიზო რეჟიმი ცალმხრივად 2012 წლის თებერვლის ბოლოს გააუქმა. თავდაპირველად, რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და ქვეყანაში 90 დღით დარჩენის შესაძლებლობა ჰქონდათ. თუმცა, დღეის მდგომარეობით, ეს ვადა 1 წლამდეა გაზრდილი.
რატომ ითხოვენ სავიზო რეჟიმის შემოღებას?
ეს პირველი შემთხვევა არ არის, რაც საზოგადოების ნაწილი სხვადასხვა მიზეზით რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ამოქმედებას ითხოვს. აღნიშნულის თაობაზე ერთ-ერთი ბოლო მოთხოვნა მიმდინარე წლის თებერვალში, უკრაინაში რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, საქართველოში რუსი ვიზიტორების მზარდ რაოდენობას მოჰყვა.
„საქართველოს უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე“, ქვეყანაში „ოკუპანტი რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო შემოსვლის“ თავიდან ასაცილებლად, რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესება ერთ-ერთმა პირველმა სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიამ“ მოითხოვა და მას შემდეგ საკითხი დღის წესრიგში არაერთმა ოპოზიციურმა პარტიამ დააყენა.
მარტის დასაწყისში, რუსეთთან მოკლევადიანი სავიზო რეჟიმის ამოქმედება მოითხოვა ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსმაც, რომელიც 29 ასოციაციას აერთიანებს. „იმის გამო, რომ დაწყებულია მასობრივი მიგრაცია რუსეთიდან არა მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით დევნილი ადამიანების, არამედ საქართველოს ოკუპაციის და უკრაინის ომის მიმართ ოფიციალური ხელისუფლების მხარდამჭერი პოზიციის მქონე პირების, მიგვაჩნია, სახელმწიფომ უნდა არეგულიროს საქართველოში მიგრაციის მსურველი რუსეთის მოქალაქეების ნაკადი, კერძოდ დაუყონებლივ უნდა შეზღუდოს უვიზო მიმოსვლა“, – განაცხადეს ალიანსში.
თავის მხრივ, მართველი გუნდი გარკვეული კერძო კომპანიების მხრიდან რუსეთის მოქალაქეების მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობაზე საუბრობდა და ამბობდა, რომ „ერთადერთი, რისი გამკაცრებაც იგეგმება, ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის წინააღმდეგ მიმართული კანონმდებლობაა“.
რას ამბობს ოპოზიცია?
რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესების საკითხი ბოლო რამდენიმე დღეა კვლავაც აქტუალურია.
იმის გათვალისწინებით, რომ „საქართველოში მომავალი ან/და უკვე აქ მყოფი რუსეთის მოქალაქეების ნაწილი მტრულად არის განწყობილი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, პარტია ევროპულმა საქართველომ ჯერ კიდევ მარტის შუა რიცხვებში ხელისუფლებას რუსი ვიზიტორების კონტროლისკენ მოუწოდა. „ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, შეაჩეროს მტრული სახელმწიფოს მტრული მოქალაქეების მასობრივი შემოსვლა საქართველოში სამოქალაქო მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად“, – განაცხადეს პარტიაში.
ევროპულ საქართველოში ასევე განმარტეს, რომ რუსეთის მოქალაქეების დიდი ნაწილი საქართველოში ჩამოსვლით მეტწილად ცდილობს გვერდი აუაროს რუსეთისთვის დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს. „დაუშვებელია, საქართველო რუსეთისთვის და რუსეთის მოქალაქეებისთვის სანქციებისგან თავის არიდების შავ ხვრელად იქცეს“, – დასძინეს პარტიაში და ხაზი გაუსვეს, რომ „ამ ზომების განხორციელება შესაძლებელია როგორც სავიზო რეჟიმის აღდგენით, ისევე ცალკეული, საგანგებო ზომების შემოღებითაც“.
საქართველოს წინაშე უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, 3 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთათვის ერთწლიანი უვიზო რეჟიმის მინიმუმ 1-3 თვემდე შემცირების აუცილებლობას გაუსვეს ხაზი ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიაში საქართველოსთვის. პარტიაში ამბობენ, რომ რუსეთის მოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოში ფუძნდება, ყიდულობს უძრავ ქონებას და არეგისტრირებს ბიზნესს.
„ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, მათი ქვეყნის მიერ ოკუპირებულ ქვეყანაში, სასათბურე პირობების შექმნა, მათ შორის პოლიტიკური განცხადებებით, საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის დემოგრაფიულ მდგრადობას და ზრდის საფრთხეებს ქვეყნის სუვერენიტეტისთვის გრძელვადიან პერიოდში“, – განაცხადეს პარტიაში „საქართველოსთვის“.
ერთი დღით ადრე, 2 აგვისტოს, რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესების ინიციატივით გამოვიდა პარტია ლელო საქართველოსთვის და განაცხადა, რომ „ოკუპანტი ქვეყნიდან შემოსულ ვიზიტორთა ნაკადი ყოველგვარ კონტროლს მიღმაა“. „შესაბამისი სტრუქტურები არ და ვერ აკონტროლებენ ოკუპანტი ქვეყნიდან ჩვენს ტერიტორიაზე შემოსულ მოქალაქეებს, ქვეყანა დაუცველია იმ გამოწვევებისა და არსებული საფრთხეების წინაშე, რომელიც კრიტიკულად გაიზარდა უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე“, – განმარტეს პარტიაში.
ლელო ასევე მოითხოვს: შეიზღუდოს, ასევე მაქსიმალურად გაკონტროლდეს საქართველოში მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის, ამასთანავე, ბინადრობის უფლების გაცემის საკითხი (რუსეთის ფედერაციისა და იმ ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომლებიც ჩართულები არიან სამხედრო აგრესიაში უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ); შეიზღუდოს და მაქსიმალურად გაკონტროლდეს ბიზნესის დარეგისტრირების პროცესი.
რუსეთის მოქალაქეთათვის სავიზო რეჟიმის და ბინადრობის უფლების მინიჭების პროცესის გადახედვის აუცილებლობაში კოლეგებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და სტრატეგია აღმაშენებელის დეპუტატები – რომან გოცირიძე და გიორგი ვაშაძეც დაეთანხმნენ.
რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ დროებითი მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს რუსეთის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების მიყიდვაზე. „საკმარისია, ერთოთახიანი ბინა იყიდო და შემდეგ უკვე მთელი წელი შეგიძლია დარჩე და მერე, ერთი დღით გახვიდე სომხეთში და კიდევ ერთი წელი გაიხანგრძლივო [ცხოვრების უფლება]…, რეალურად აქ ვამკვიდრებთ ადამიანებს“, – განაცხადა მან.
„თუ სავიზო რეჟიმი არა, აუცილებელი არის ბინადრობის მოწმობებით ამ პროცესის მართვა“, – თქვა გიორგი ვაშაძემ.
რას პასუხობს მმართველი გუნდი?
ოპოზიციის ნაწილის მოთხოვნის საპასუხოდ, გუშინ ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რუსეთთან სავიზო პოლიტიკა წინა ხელისუფლებამ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ შეამსუბუქა და ახლა მისი გადახედვა „უბრალოდ ირაციონალურია“.
ასევე 3 აგვისტოს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განმარტა, რომ რუს ვიზიტორთა რაოდენობაში ბოლო წლებში არაფერი შეცვლილა და შედარებისთვის 2020-2021 წლების აღება „არარელევანტურია“, რადგანაც „პანდემია იყო და საერთოდ სხვანაირად ხდებოდა გადაადგილება მსოფლიოში“.
„ეს ხომ არ არის ახალი, მარტშიც ეს კამპანია იყო და ვნახეთ, ამ კამპანიამ სანამდე მიგვიყვანა – გადაიზარდა ქსენოფობიურ კამპანიაში და იმაში, რომ შუა ჭავჭავაძეზე საქართველოს რუს მოქალაქეს ქვა ესროლა ვიღაცამ“, – დასძინა მან.
უკვე დღეს, 4 აგვისტოს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა თქვა, რომ რუსეთთან სავიზო რეჟიმის შემოღების გააქტიურების საკითხი „დესტაბილიზაციასა“ და ქვეყნის „ომში ჩართვას“ ემსახურება.
რას გვეუბნება სტატისტიკა?
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2022 წლის პირველ ექვს თვეში 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, რუსეთიდან 2.8-ჯერ ნაკლები რუსი ვიზიტორი შემოვიდა.
მაგალითისთვის, 2022 წლის იანვარ-ივნისში, საქართველოში 247 149 რუსი ვიზიტორი შემოვიდა, 2021 წელს – 43 847; 2020 წელს – 183 135; 2019 წელს კი – 691 587.
რაც შეეხება წლიურ მაჩვენებლებს, 2021 წელს საქართველოში რუსეთიდან ჯამში 212 979 ვიზიტორი შემოვიდა, 2020 წელს – 208 677; 2019 წელს – 1 471 558; 2018 წელს – 1 404 757; 2017 წელს კი – 1 135 057.
საგულისხმოა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ 3 აგვისტოს გამოქვეყნებული კვლევაც, რომლის თანახმადაც, „საქართველოში სულ 13 500-მდე რუსული კომპანიაა რეგისტრირებული და მათი ნახევარი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დარეგისტრირდა“.
მაგალითად, 2022 წლის მარტში, აპრილში, მაისსა და ივნისში საქართველოში 6 400-მდე რუსული კომპანია (კომპანიები რომელთა მფლობელები რუსეთის ფედერაციის იურიდიული პირები ან/და მოქალაქეები არიან) დარეგისტრირდა, რაც 2021 წლის წლიურ მაჩვენებელზე 7-ჯერ მეტია.
კვლევის თანახმად, მარტიდან დარეგისტრირებულ კომპანიების 93% ინდივიდუალური საწარმოა, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ „რუსეთის მოქალაქეების ნაწილი საქართველოში საცხოვრებლად და ბიზნესის საკეთებლად გადმოვიდა“.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)