კობახიძე ოპოზიციის, მედიისა და არასამთავრობოების ნაწილს რუსების მიმართ ქსენოფობიაში ადანაშაულებს
პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 5 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე „ომისა და ღალატის პარტია“, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, „მისი სატელიტი პარტიები, მისივე კუთვნილი მედიასაშუალებები, მასთან დაკავშირებული ცალკეული კომერციული სუბიექტები და რამდენიმე ყველაზე მდიდარი“ არასამთავრობო ორგანიზაცია რუსეთის მოქალაქეების მიმართ „ქსენოფობიურ“ და „შოვინისტურ“ კამპანიაში დაადანაშაულა.
„ქართული ოცნება გმობს ქსენოფობიურ კამპანიას, რომელიც უხეშად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და საერთაშორისო სამართლებრივ აქტებს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების სფეროში“, – განაცხადა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ხსენებული სუბიექტები მარტში წარმოებული ასეთივე კამპანიის მსგავსად, ახლაც „ფაქტების უხეში გაყალბებით“ ცდილობენ საზოგადოება დაარწმუნონ, რომ „რუსები საქართველოში უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობით არიან შემოსული და რომ ეს ქვეყნისთვის სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს“.
„თუკი რამეა ჩვენი ქვეყნისთვის სერიოზული საფრთხის შემცველი, ეს სწორედ ქსენოფობიური და შოვინისტური კამპანიაა“, – ხაზი გაუსვა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ და მიმდინარე წლის მარტში, თბილისის ცენტრში, „რუსი ეროვნების ახალგაზრდა“ ქალისთვის ქვის სროლის ფაქტი გაიხსენა.
მისივე მტკიცებით, მის მიერ ჩამოთვლილ სუბიექტებს ქსენოფობიური კამპანიით სურთ, რომ „გაღვივდეს აგრესია რუსეთის მოქალაქეების მიმართ, რამაც უნდა გამოიწვიოს ესკალაცია და ინციდენტები. ეს ყველაფერი კი, ემსახურება ერთადერთ მიზანს – საქართველო რამენაირად ჩართონ სამხედრო კონფლიქტში“.
- ირაკლი კობახიძის თქმით, ენმ-ს საქართველოსა და უკრაინაში ომი სურს
- ირაკლი კობახიძე ომში ჩართვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს უკავშირებს
„ქსენოფობიური კამპანიის ავტორებსა და გამავრცელებლებს ჭეშმარიტ ქართულ და ევროპულ ფასეულობებთან საერთო არაფერი აქვთ. ქსენოფობია და შოვინიზმი არასოდეს ყოფილა და არც არასდროს იქნება ქართული კულტურის ნაწილი“, – თქვა ირაკლი კობახიძემ და ყველას მოუწოდა, რომ „გაემიჯნონ ანტისახელმწიფოებრივ და დისკრიმინაციულ კამპანიას, რომლის ერთადერთი მიზანი საქართველოს მეორე ფრონტად ქცევაა“.
მანვე საზოგადოებას შეახსენა „ომისა და ღალატის პარტიის პროვოკაციული ქმედებები“ – უკრაინაში ომის დაწყებისთანავე „ანტისახელმწიფოებრივი აქციების გამართვა, რუსეთისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნა, უკრაინაში მებრძოლი მოხალისეების გაგზავნა; არასამათავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ დირექტორის, ეკა გიგაურის, სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას, ლელოს დეპუტატის დავით უსუფაშვილის, ტელეკომპანია „მთავარი არხისა“ და „ფორმულას“ ჟურნალისტების, ასევე უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების „ომის რიტორიკა“.
„საბოლოოდ, საზოგადოების ჯანსაღი და მკვეთრი რეაქციის გამო, ადამიანებს, რომლებიც ქვეყანას ომისკენ უბიძგებდნენ, უკან დახევა მოუწიათ და დღეს ისინი თავის მართლების რეჟიმში არიან გადასული“, – თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ და ხაზი გაუსვა, რომ „რასაც პირდაპირი ფორმით ვერ მიაღწიეს, ახლა იმის მიღწევას ირიბი გზით, ქსენოფობიური კამპანიით ცდილობენ“.
დასასრულს, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „სამხედრო კონფლიქტში საქართველოს ჩართვა იქნება უმძიმესი შედეგების მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის“. „შესაბამისად, ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რათა ქვეყანას ომი თავიდან ააცილოს“, – დასძინა ირაკლი კობახიძემ.
ჟურნალისტებთან კითხვა-პასუხისას, ირაკლი კობახიძემ სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია იმის გამოც გააკრიტიკა, რომ მარტში, ნაციონალური მოძრაობის მიერ წამოწყებულ მსგავს „ქსენოფობიურ კამპანიას“ 10 დღის დაგვიანებით გამოეხმაურა. „ეს ადამიანი პირდაპირ არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში… რეიტინგი არ აქვს, მაგრამ ცდილობს პოლიტიკოსობას. 7 დეკემბერს გასდის ვადა და საბოლოოდ შეიძენს იმ სტატუსს, რომელიც რეალურად არაფორმალურად დღესაც აქვს“, – დასძინა მან.
ქართული ოცნების თავმჯდომარის საპასუხოდ, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ მისთვის „გაუგებარი და აუხსნელია“ თუ რატომ ცდილობენ მმართველი პარტიის მაღალი თანამდებობის პირები მის „დისკრედიტაციას“. ლომჯარიას თქმით, „ასეთი თავდასხმები“ „მხოლოდ აძლიერებს სახალხო დამცველს, მის რეიტინგს ზრდის“.
ასევე წაიკითხეთ:
- პრემიერი საქართველოს ომში ჩართვაზე, სტრატეგიულ პარტნიორებსა და „რადიკალურ“ ოპოზიციაზე
- ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ომში ჩართვის შესახებ მმართველი გუნდის გზავნილს იმეორებს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)