საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აშშ-ში ვიზიტი დაასრულა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ლაშა დარსალია 1-5 აგვისტოს, ნიუ-იორკში მიმდინარე ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულების მე-10 გადახედვის კონფერენციის ფარგლებში გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწეს, ასევე, უკრაინის, რუმინეთის, შვედეთის, ფილიპინების და ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებს შეხვდა.
საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწესთან, მიროსლავ იენჩასთან შეხვედრაზე მხარეებმა გაეროსთან საქართველოს თანამშრომლობის ფართო სპექტრი განიხილეს. მათვე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება, მათ შორის, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობასა და ფორმატის მნიშვნელობაზე.
ამავე ინფორმაციით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, მიკოლა ტოჩიცკისთან შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივ ურთიერთობებზე იმსჯელეს. ასევე, რეგიონული უსაფრთხოებისა და მრავალმხრივი საერთაშორისო ინსტრუმენტების ჯეროვანი შესრულების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი, მათ შორის, ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულების. ლაშა დარსალიამ უკრაინელ კოლეგასთან „მტკიცე სოლიდარობა გამოხატა უკრაინის მიმართ რუსეთის მხრიდან მომდინარე აგრესიის ფონზე“.
რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, იულიან ფოტასთან შეხვედრისას, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების დადებით დინამიკაზე გაამახვილეს ყურადღება და საერთო ინტერესების მატარებელ საკითხებთან დაკავშირებით მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ, მათ შორის, რეგიონული უსაფრთხოების ჭრილში.
შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან, მაგნუს ნილსონთან შეხვედრაზე, მხარეებმა გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის შენარჩუნებისა და განმტკიცების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.
ფილიპინების საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, კარლოს სორეტასთან შეხვედრაზე, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის მზარდ თანამშრომლობაზე ისაუბრეს და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში არსებულ მჭიდრო თანამშრობლობაზე გაამახვილეს ყურადღება, „რაც ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ინიციატივებისა და კანდიდატურების ურთიერთმხარდაჭერაში გამოიხატება“.
ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, დინარა კემელოვასთან შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცების საკითხები და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის ინიციატივები განიხილეს.
აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, ლაშა დარსალია ჩილეს, ეკვადორის და სენტ-ლუსიას მუდმივ წარმომადგენლებსაც შეხვდა, რომლებთანაც საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალური საკითხები და მრავალმხრივი ორგანიზაციების ფარგლებში პრიორიტეტები მიმოიხილა. „მხარეები შეთანხმდნენ სხვადასხვა ფორმატებში საერთო ინტერესის საკითხებზე თანამშრომლობის გაღრმავებაზე“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების რელიზში.
საგარეო საქმეთა სამინისტროსვე ცნობით, ვიზიტის დასასრულს, ლაშა დარსალიამ მონაწილეობა მიიღო გაეროსთან უნგრეთის მისიის მიერ ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულების მე-10 გადახედვის კონფერენციის პრეზიდენტის, გუსტავო ზლაუვინენის პატივსაცემად გამართულ მიღებაში.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)