ევროპარლამენტარები 2008 წლის აგვისტოს ომის წლისთავის შესახებ
7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების 14 წლისთავთან დაკავშირებით გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის ექვსმა წევრმა განაცხადა, რომ „კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“.
„14 წლის წინ ამ დღეს, 2008 წლის 7 აგვისტოს, საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევით რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ აგრესიული ომი დაიწყო“, – ნათქვამია განცხადებაში. „ამ ომის შედეგები ახლა მთელ ევროპაში აშკარად იგრძნობა. რუსულ აგრესიას, რომელიც დიდწილად დაუსჯელი დარჩა, 2014 წელს ყირიმის ანექსია მოჰყვა, ხოლო 2022 წელს ფართომასშტაბიანი, უკანონო, გაუმართლებელი და არაპროვოცირებული ომი უკრაინის წინააღმდეგ“.
ევროპარლამენტარებმა დაგმეს რუსეთის მიერ „ბორდერიზაციის“, მცოცავი ოკუპაციის, ე.წ. პასპორტიზაციის პოლიტიკა, ასევე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ანექსიისკენ გადადგმული სხვა ნაბიჯები.
ამ ფონზე, ისინი მიესალმნენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2021 წლის 21 იანვარს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელმაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებში რუსეთის ბრალეულობა დაადგინა. მათ რუსეთს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისა და საქართველოდან საკუთარი ძალების გაყვანისკენ მოუწოდეს.
ასევე წაიკითხეთ:
- საქართველო რუსეთს მოუწოდებს შეცვალოს ცხინვალისა და აფხაზეთის ე.წ. აღიარების გადაწყვეტილება
- აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა 2008 წლის აგვისტოს ომის წლისთავს ეხმიანებიან
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)