აგვისტოს ომზე განცხადებაში რუსეთი ჟენევის შეჩერებულ დისკუსიებზე ამახვილებს ყურადღებას
რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების 14 წლისთავთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური განცხადება, რომელიც სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ გააჟღერა, შეჩერებულ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ „ეს არის მოსკოვზე შურისძიება კოლექტიური დასავლეთის საერთო პოლიტიკის ფარგლებში, რათა უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის იზოლირება მოხდეს“.
8 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში, რუსეთის საგარეო უწყება ხაზს უსვამს, რომ „ჟენევის დისკუსიები გეოპოლიტიკის მძევალი გახდა“. „ვიმედოვნებთ, რომ ჩვენს პარტნიორებს ესმით, რომ რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული არალეგიტიმური სანქციები და სხვა შემზღუდველი ზომები… დამატებით სერიოზულ სირთულეებს უქმნიან ჟენევის დისკუსიების ფარგლებში არსებულ ისედაც რთულ სამუშაოს, რითაც ამ ფორმატის და შეხვედრების თავდაპირველი ადგილის [შვეიცარიის] დისკრედიტაციას ახდენენ“, – ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხაზი გაუსვა, რომ „სწორად ამ ფორმატის წყალობით გახდა შესაძლებელი რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების მისაღები დონის შენარჩუნება“.
„თუმცა, ბოლო დროს, დიალოგის ამ მნიშვნელოვან პლატფორმაზე ცალკეული „მოთამაშეების“ მხრიდან, რომელთაც საკუთარი ეგოისტური ინტერესები ამოძრავებთ, პოლიტიკურად მოტივირებულმა მიდგომამ იჩინა თავი. შედეგად, ჟენევის ფორმატი ფაქტობრივად „გაიყინა“ და უკვე რვა თვეა ჟენევის დისკუსიების 56-ე რაუნდის ჩატარება ვერ ხერხდება“, – აღნიშნა სამინისტრომ.
რუსეთის საგარეო უწყებამ დისკუსიების თანათავმჯდომარეებიც გააკრიტიკა, რომელთა აქტიურობაც, მისი თქმით, დისკუსიების განბლოკვისკენ მიმართული ძალისხმევის იმიტაციას უფრო ჰგავს, ვიდრე ამ საკითხზე რეალური პროგრესის მიღწევის გულწრფელ სწრაფვას.
სამინისტროს თქმით, დასავლელი პარტნიორები ცალმხრივად ცვლიან „თამაშის წესებს“ და შეხვედრების ჟენევიდან ყველა მონაწილისთვის მისაღებ უფრო ნეიტრალურ ადგილას გადატანის საკითხს თავად ანიჭებენ აქტუალურობას.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დასძინა, რომ „გადადებული რაუნდის ჩატარების პერსპექტივები ბუნდოვანი რჩება. ეს არ არის ჩვენი არჩევანი. მოლაპარაკებების ჩაშლაზე და მის შედეგებზე სრული პასუხისმგებლობა ასეთი დესტრუქციული ქმედებების ინიციატორებსა და მათ ეკისრებათ, ვინც ყველაფერში ეთანხმებიან“.
წარსულში რუსეთის მხრიდან მსგავსი ბრალდებების საპასუხოდ, ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ტოივო კლაარმა „სამოქალაქო საქართველოსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ „ბოლო რაუნდის გადადების გადაწყვეტილება პროცესის დასაცავად და იმგვარი სიტუაციის თავიდან ასაცილებლად მიიღეს, როდესაც საერთაშორისო გარემო, განსაკუთრებით ომი უკრაინაში, უარყოფითად აისახებოდა თავად რაუნდის მსვლელობაზე და, შესაბამისად, მთლიანად დისკუსიებზე“.
ჟენევის დისკუსიები, რომელსაც საფუძველი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ჩაეყარა, ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს თანათავმჯდომარეობით იმართება და მასში საქართველოს, რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე ოკუპირებული ცხინვალისა და სოხუმის წარმომადგენლები მონაწილეობენ. სხდომები ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მიმდინარებს, რომელთაგანაც ერთი მშვიდობისა და უსაფრთხოების, ხოლო მეორე ჰუმანიტარულ საკითხებს განიხილავს.
ასევე წაიკითხეთ:
- აშშ-ის სახელმწიფო მდივანი 2008 წლის აგვისტოს ომის წლისთავს ეხმიანება
- საერთაშორისო გამოხმაურებები 2008 წლის აგვისტოს ომის წლისთავის შესახებ
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)