სასამართლომ ეროვნული მუზეუმიდან თანამშრომლის გათავისუფლება უკანონოდ ცნო

არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ განაცხადა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ 8 აგვისტოს უკანონოდ ცნო ეროვნული მუზეუმის თანამშრომლის დინარა ვაჩნაძის გათავისუფლება.

ორგანიზაციის 9 აგვისტოს ცნობით, სასამართლომ ეროვნულ მუზეუმს დინარა ვაჩნაძისთვის, რომელიც მუზეუმში 2006 წლიდან მუშაობდა და 2017 წლიდან თბილისის კოლექციებისა და ეროვნული საგანძურის მართვის კუთხით საქმიანობდა, კომპენსაციისა და გათავისუფლების დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე განაცდურის სახით ხელფასის ოდენობის თანხის გადახდა დააკისრა.

ცენტრის განცხადებით, დინარა ვაჩნაძე ერთ-ერთია კულტურის სექტორის იმ 70-მდე თანამშრომლიდან, რომლებიც თეა წულუკიანის კულტურის მინისტრის პოზიციაზე დანიშვნის შემდეგ, „მასობრივი საკადრო წმენდის მსხვერპლნი გახდნენ“.

ორგანიზაციის ცნობით, სასამართლომ არ გაითვალისწინა მოპასუხე მხარის პოზიცია, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა დინარა ვაჩნაძის კომპეტენციას. ამასთან, სასამართლომ მიიჩნია, რომ პროცესზე მოპასუხე მხარემ არ წარმოადგინა შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც „რეორგანიზაციისას, თანამშრომელთა ობიექტურ და სამართლიან შერჩევა-შეფასებას დაადასტურებდა“.

„მასობრივი გათავისუფლებებიდან თითქმის ერთი წლის თავზე, სასამართლოს მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება პირველ პრეცედენტს წარმოადგენს, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება კულტურის სფეროს სხვა გათავისუფლებულთა შრომითი დავებისთვის, რომელთაც უახლოეს თვეებში განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო“, – განაცხადეს ორგანიზაციაში.

ამასთან, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ ასევე გააგრძელებს დავას დინარა ვაჩნაძის მიმართ მიღებული სხვა „უკანონო გადაწყვეტილების შესახებ“, რომელიც გათავისუფლებამდე, მისი დაბალ პოზიციაზე „უკანონოდ გადანიშვნას გულისხმობდა“.

დამატებითი დეტალებისთვის „სამოქალაქო საქართველომ“ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. პასუხი მასალაში მიღებისთანავე აისახება.


ეროვნული მუზეუმიდან გასულ წელს გათავისუფლებული 70 თანამშრომლის ნაწილმა სასამართლოს მიმდინარე წლის იანვრის ბოლოს მიმართა. მაშინ, გათავისუფლებული თანამშრომლები აცხადებდნენ, რომ რეორგანიზაციის პროცესი „უსამართლოდ და გაუმჭვირვალედ“ წარიმართა. გარდა ამისა, ისინი მიიჩნევდნენ, რომ კულტურის მინისტრ წულუკიანის, როგორც დამსაქმებლის პოლიტიკა ლოიალურად განწყობილი თანამშრომლების შენარჩუნებას ეფუძნებოდა და არა – კვალიფიკაციის შეფასებას.

საგულისხმოა, რომ თეა წულუკიანს, კულტურის მინისტრად დანიშვნის შემდეგ, მის დაქვემდებარებულ უწყებებში თავისუფალი აზრის „დევნასა“ და თანამშრომლების „პოლიტიკური ნიშნით“ გათავისუფლებაში აქტიურად ადანაშაულებენ.

ერთ-ერთი ბოლო ასეთი შემთხვევა, მიმდინარე წლის მაისში, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ისტორიის მუზეუმიდან რეორგანიზაციის მოტივით 40-მდე თანამშრომლის გათავისუფლება იყო. მაშინ პროფკავშირებში აცხადებდნენ, რომ ეროვნულ მუზეუმში რეორგანიზაციის პროცესი „გაუმჭვირვალედ და არაკეთილსინდისიერად“ მიმდინარეობს და თანამშრომლებს „უკანონოდ“ ათავისუფლებენ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)