მომსახურებით საერთაშორისო ვაჭრობა საქართველოში 2021 წელს
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 10 აგვისტოს საქართველოში მომსახურებით საერთაშორისო ვაჭრობის (ექსპორტ-იმპორტის) პირველი სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომელიც მომსახურების სახეებისა და მოვაჭრე ქვეყნების შესახებ ინფორმაციას მოიცავს.
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2021 წელს საქართველოში მომსახურების ექსპორტმა 2 546.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2020 წელთან შედარებით, 61.2%-ით მეტია, ხოლო იმპორტი – 1 822.8 მლნ. აშშ დოლარია, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 25.2%-ით აღემატება.
ამავე ინფორმაციით, 2021 წელს დადებითმა სავაჭრო ბალანსმა 724 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის სავაჭრო ბალანსზე თითქმის 6-ჯერ მეტია.
2021 წელს მომსახურების ექსპორტში პირველ ადგილზე მოგზაურობა იყო 1 244.9 მლნ. აშშ დოლარით, რაც მომსახურების მთლიანი ექსპორტის 48.9%-ია. მეორე ადგილზეა სატრანსპორტო მომსახურება 822.6 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 32.3%), ხოლო მესამე ადგილზეა სატელეკომუნიკაციო, კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურება 215.9 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 8.5%).
რაც შეეხება მომსახურების იმპორტს, ამ მიმართულებით, 2021 წელს პირველი ადგილი სატრანსპორტო მომსახურებას ეკავა 1 086.4 მლნ. აშშ დოლარი და მომსახურების მთელი იმპორტის 59.6%-იყო. მეორე ადგილს მოგზაურობა იკავებს 184.1 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 10.1%), ხოლო მესამე ადგილზეა სადაზღვევო მომსახურება 119.3 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6.5%).
2021 მომსახურების ექსპორტის მიხედვით უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები იყვნენ – თურქეთი – 365.5 მლნ. აშშ დოლარით; აზერბაიჯანი – 242.1 მლნ. აშშ დოლარით; უკრაინა – 206.7 მლნ. აშშ დოლარით; რუსეთი – 189 მლნ აშშ დოლარით და ისრაელის – 144.8 მლნ აშშ დოლარით.
რაც შეეხება მომსახურების იმპორტს, 2021 წელს ამ მიმართულებით საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები იყვნენ – ჩინეთი – 344.7 მლნ. აშშ დოლარი; ირანი – 121.5 მლნ. აშშ დოლარით; თურქეთი – 102.3 მლნ. აშშ დოლარით; აზერბაიჯანი – 101.6 მლნ აშშ დოლარით და გერმანია – 83.5 მლნ აშშ დოლარით.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)