„TI საქართველო“ აჭარის რეგიონის სახელმწიფო შესყიდვებში კორუფციულ რისკებზე საუბრობს
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ 11 აგვისტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და მუნიციპალიტეტების მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ „სახელმწიფო შემსყიდველ ორგანიზაციებში ტენდერების ქვეკონტრაქტორ კომპანიებთან დაკავშირებული პრაქტიკა არაერთგვაროვანი, მანკიერი და კორუფციის რისკების შემცველია“.
კვლევის ფარგლებში „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ აჭარაში მოქმედი 14 საბიუჯეტო დაწესებულების – რეგიონის მთავრობის 4 სამინისტროს, 5 მუნიციპალიტეტის, 2 საქვეუწყებო დაწესებულების (აჭარის საავტომობილო გზების, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტების), აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სსიპ-ის (ბათუმის ბულვარის), ავტონომიური რესპუბლიკის კუთვნილი შპს-ს (აჭარის პროექტის მართვის კომპანია) და მსხვილი მუნიციპალური ა(ა)იპის (ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს) – 2020-2021 წლების იმ სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებები შეისწავლა, რომელთა შესყიდვის ღირებულება 100 000 ლარზე მეტი იყო.
გამოვლენილი მავნე პრაქტიკა
კვლევაში ორგანიზაცია ქვეკონტრაქტორების მიერ შესასრულებელი სამუშაოების მოცულობის ზედა ზღვრის დაწესებაზე საჯარო უწყებების მხრიდან გამოვლენილ არაერთგვაროვან პრაქტიკაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ზედა ზღვარს (30%-ს) მხოლოდ განათლების სამინისტრო ადგენს.
კვლევის თანახმად, სრულიად უსისტემო მიდგომა აქვს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რომელიც მიმწოდებელს ზოგ შემთხვევაში ნებას რთავს აიყვანოს ქვეკონტრაქტორი (სამუშაოების ზედა ზღვრის მითითების გარეშე), ზოგან კი – ქვეკონტრაქტორის აყვანას დაუშვებლად მიიჩნევს.
დოკუმენტის მიხედვით, ქვეკონტრაქტორის მიერ შესასრულებელი სამუშაოების ზღვარს საერთოდ არ ადგენს ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო, რომლის შემთხვევაშიც, ტენდერში გამარჯვებულნი უმეტესად, ქართული ოცნების შემწირველი კომპანიები არინ და ისინი „პრაქტიკულად შუამავლის როლს ასრულებენ შემსყიდველსა და ქვეკონტრაქტორებს შორის“.
მაგალითად, სამმართველოს ტენდერებში გამარჯვებული კომპანიების მიერ ქვეკონტრაქტორებთან გაფორმებული 16 ხელშეკრულებიდან 10 შემთხვევაში სამუშაოების 90%-ზე მეტს სწორედ ქვეკონტრაქტორი კომპანიები ასრულებენ.
„გამოდის, რომ ტენდერში გამარჯვებული კომპანიები მხოლოდ გამოცდილებას ყიდიან და ამ მომსახურებაში ტენდერით გათვალისწინებული თანხის 10%-დან 15%-მდე იღებენ, სამუშაოებს კი ნაკლებად გამოცდილი კომპანია ასრულებს“, – ვკითხულობთ ანგარიშში.
ამასთან, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ თქმით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე მიმწოდებელი კომპანიების მიერ ქვეკონტრაქტორებთან გაფორმებული ხელშეკრულებები არცერთ საჯარო უწყებას აუტვირთავს. „მართალია, ამას კანონმდებლობა არ ითხოვს, თუმცა პროცესის გამჭვირვალობისთვის ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია“.
ორგანიზაციის განმარტებით, სამი საჯარო უწყების გარდა (ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო;, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი; ბათუმის ბულვარი), ქვეკონტრაქტორებთან გაფორმებული ხელშეკრულებები არავინ მიაწოდა და მიზეზად მათი არქონა დაასახელეს.
დადებითი ტენდენციები
ორგანიზაცია დადებითად აფასებს, რომ თითქმის ყველა უწყება ტენდერით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებლისგან ითხოვს ქვეკონტრაქტორის აყვანის შეთანხმებას. ერთადერთი გამონაკლისი ბათუმის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპი საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოა, რომელიც მხოლოდ ცნობის სახით ითხოვს ინფორმაციას ქვეკონტრაქტორის აყვანის შესახებ სამუშაოების დაწყებამდე არანაკლებ 5 დღით ადრე.
კვლევის თანახმად, აუდიტის სამსახურმა მხოლოდ ორი შემთხვევა გამოავლინა, როდესაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ორ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა ისე გაუფორმეს ხელშეკრულება ქვეკონტრაქტორებს, რომ ამის შესახებ სამინისტროს ინფორმაცია არ მიაწოდეს.
ამასთან, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა რამდენიმე მომწოდებელი კომპანია ქვეკონტრაქტორის აყვანის შეუთანხმებლობის გამო დააჯარიმა.
რეკომენდაციები
„საერთაშორისო გამჭვირვლობა-საქართველო“ მიიჩნევს, რომ:
- შემსყიდველმა ორგანიზაციებმა საკუთარი ინიციატივებითა და პრაქტიკით ხელმძღვანელობა უნდა შეწყვიტონ და ერთიანი სტანდარტი უნდა ჩამოაყალიბონ;
- სამინისტროებმა და მუნიციპალიტეტებმა ქვეკონტრაქტორებთან გაფორმებული ხელშეკრულებები უნდა მოითხოვონ;
- საბიუჯეტო ორგანიზაციებმა მთავარ კონტრაქტორებს არ უნდა ჩაუთვალონ ტენდერის პირობების შესრულებად ის სამუშაო, რომელიც „პრაქტიკულად“ ქვეკონტრაქტორმა შეასრულა.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)