სოსო გოგაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილი „ოჯახის განადგურებით“ დაემუქრა
წინასწარ პატიმრობაში მყოფი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, იოსებ (სოსო) გოგაშვილი 11 აგვისტოს საპატიმროდან გავრცელებულ წერილში ამბობს, რომ თუკი „არ გაჩერდება“ და „სასურველ ჩვენებას“ არ მისცემს, მას ქართული ოცნების დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი „ოჯახის განადგურებით“ ემუქრება.
„შეიძლება გავიგო, რომ ჩემი ოჯახი CO-თი გაიგუდა, ხანძარს ემსხვერპლა ან ავტოსაგზაო შემთხვევას. უკეთეს შემთხვევაში, მოხდება ჩემი ოჯახის წევრებისა და ახლო გარემოცვისათვის [იარაღის ან ნარკოტიკის] ჩადება და მათი დაჭერა, ოცნების ზონდერმედიების შემოსევა“, – წერს გოგაშვილი Facebook-ზე და განმარტავს, რომ ივანიშვილისგან მუქარა საპატიმროში მიიღო, თუმცა ვინ გადასცა მას ეს მუქარა, არ აკონკრეტებს.
სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე მისი ოჯახისა და ახლობლების წინააღმდეგ „განხორციელებულ უკანონობებზე“ პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს აკისრებს და ხაზს უსვამს, რომ „მე ჩემს ოჯახთან ერთად გავაგრძელებ ბრძოლას სამართლიანობისთვის და გავაგრძელებ მხილების კამპანიას“.
„მივმართავ თხოვნით სახალო დამცველს, პოლიტიკოსებს, განურჩევლად მათი პოზიციისა, არასამთავრობოებს, უფლებადამცველებს, დიპლომატიურ კორპუსსა და მედიას – დაიცვან ჩემი უდანაშაულო ოჯახი“, – ამბობს გოგაშვილი და ნათესავებსა და ახლობლებს მისი ოჯახის „ფიზიკურად“ დაცვას სთხოვს.
გოგაშვილის ადვოკატებისა და ოჯახის გამოხმაურება
დღესვე, მოგვიანებით გამართულ პრესკონფერენციაზე, იოსებ გოგაშვილის ერთ-ერთმა ადვოკტმა, რამაზ ჩინჩალაძემ განმარტა, რომ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე მე-12 პენიტენციური დაწესებულების საშხაპეში გადაიყვანეს და მიუთითეს, რომ რაფაზე დადებული ტელეფონისთვის ეპასუხა, საიდანაც მას შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური ესაუბრებოდა.
„საუბარი შეეხებოდა მუქარებს… ძირითადი მოთხოვნა იყო, რომ მას [გოგაშვილს] მიეცა მათთვის სასურველი ჩვენება, იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც იოსებ გოგაშვილმა გააჟღერა“, – თქვა ადვოკატმა და ხაზი გაუსვა, რომ ცნობილია, თუ რა ნომრიდან დაუკავშრდნენ გოგაშვილს და რა ნომერი იყო მოთავსებული იმ ტელეფონში, რომლითაც იგი შს მინისტრს ესაუბრებოდა.
მისივე განცხადებით, იოსებ გოგაშვილმა მის ხელთ არსებული წებოვანი ლენტის, ე.წ. „სკოჩის“ მეშვეობით, მობილური ტელეფონიდან აიღო თითის ანაბეჭდები. „აღნიშნული მტკიცებულება, როგორც ჩემთვის ცნობილია, უკვე გამოტანილია პენიტენციური დაწესებულებიდან და ჩვენ, ადვოკატები შევეცდებით, რომ თუკი ვარგისი იქნება იდენტიფიკაციისათვის, ჩავატაროთ ექსპერტიზები“, – დასძინა ჩინჩალაძემ.
გოგაშვილის კიდევ ერთმა ადვოკატმა, დიმიტრი ღონღაძემ კი – დააზუსტა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი შს მინისტრს ოთხჯერ ესაუბრა. „სპეციალურად ამ ფაქტის დროს, [საპატიმროს] მესამე სართულზე გაათავისუფლეს ყველა ბადრაგი, ანუ არავინ იმყოფებოდა“, – თქვა მან და ხაზი გაუსვა, რომ „პირველ ორ შემთხვევას ორგანიზებას უწევდა დაწესებულების ხელმძღვანელი, ზურაბ მოდებაძე, რომელმაც გოგაშვილს მიუთითა, რომ შესულიყო საშხაპეში“.
პრესკონფერენციაზე გოგაშვილის მეუღლემ, თეა მარტყოფლიშვილმა თქვა, რომ მათი ოჯახის წევრებსა თუ ახლობლებზე ნებისმიერი ზიანის მიყენების ან პროცოკაციის მოწყობის შემთხვევაში, იგი პასუხიმგებლობას შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს, სუს-ის უფროსს, გრიგოლ ლილუშვილსა და პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს აკისრებს.
მარტყოფლიშვილისვე თქმით, მისი მეუღლის უსაფრთხოება არ არის დაცული და „ყველაფერი თანხმდება ბიძინა ივანიშვილთან და ისე ხდება ეს ყველაფერი“.
მისივე განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის წევრებს გოგაშვილთან შეხვედრა და ტელეფონით საუბარი აკრძალული ჰქონდათ, „უცბად, მოულოდნელად, ორჯერ შეგვიყვანეს ჩემს მეუღლესთან“.
ომბუდსმენის გამოხმაურება
12 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველის ოფისმა განაცხადა, რომ იოსებ გოგაშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და ადვოკატების განცხადებების საფუძველზე გამოძიება უნდა დაიწყოს. ომბუდსმენის ოფისმა სამართალდამცველ ორგანოებს გოგაშვილის ოჯახის ფიზიკური ხელშეუხებლობისა და უსაფრთხოების დაცვისკენ მოუწოდა.
იუსტიციის მინისტრის განმარტება
ასევე 12 აგვისტოს, ჟურნალისტებთან საუბრისას, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ დაადასტურა, რომ გოგაშვილი ოჯახის წევრებს ნამდვილად შეხვდა, „მისივე თხოვნით და კანონმდებლობის სრული დაცვით“.
სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის მიერ დღეს გავრცელებულ კიდევ ერთ წერილზე, სადაც იგი მის მიმართ „არაადამიანურ მოპყრობაზე“ საუბრობს და ადასტურებს, რომ მან ივანიშვილისგან მუქარა შს მინისტრის, ვახტან გომელაურისგან მიიღო, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ „ის [გოგაშვილი] თანამშრომლებთან, მათ შორის, ექიმებთანაც, ყოველთვის გამოხატავდა მადლიერებას მისდამი კარგი დამოკიდებულების გამო და ის შეხვედრა, რომელიც ჩატარდა, ჩატარდა, მათ შორის, [იმიტომაც, რომ] მისი ყოფაქცევაც იყო ძალიან დადებითი და ერთგვარი წახალისების ღონისძიების სახით იყო ეს შეხვედრა გამოყენებული“.
მისივე განცხდებით, ოჯახის წევრებთან შეხვედრის ორგანიზების ერთ-ერთი მიზანი ისიც იყო, რომ ისინი თავად „დარწმუნებულიყვნენ, რომ მის უსფრთხოებას საფრთხე არ ემუქრება“.
ჟურნალისტების კითხვაზე, დასტურებს თუ არ იგი, რომ გოგაშვილი ტელეფონზე სასაუბროდ ნამდვილად გაიყვანეს საშხაპეში, მინისტრმა ბრეგაძემ უპასუხა – „რა უნდა დავადასტურო?… პენიტენციურ დაწესებულებაში აბსოლუტურად ყველა ქმედება ხორციელდება კანონის საფუძველზე და ვერცერთი უკანონო ქმედება იქ ვერ განხორციელდება“.
„ზოგადად, ყველა პატიმარი სარგებლობს საშხაპეში შესვლის უფლებით, მათ შორის, ბატონი გოგაშვილი და ბუნებრივია, შესაძლოა, მან ისარგებლა ამ უფლებით და იყო შესული საშხაპეში“, – დასძინა მან.
კითხვაზე, ესაუბრა, თუ არა მინისტრი მე-12 პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელს, რომელმაც გოგაშვილის ადვოკტების თქმით, მისი საშხაპეში შეყვანის პირველ ორ შემთხვევას უწევდა ორგნიზებას, მინისტრმა ბრეგაძემ უპასუხა – „… ეს ინფორმცია არის გარკვეულწილად პერსონალური ხასიათის და მე არ ვსაუბრობ ხოლმე მსჯავრდებულების პერსონლურ ინფორმაციაზე“.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)