გიორგი გახარიას პარტიაში ამბობენ, რომ ქართული ოცნების მიერ „მოსყიდული“ ორი წევრი გარიცხეს

ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვსის ერთ-ერთმა ლიდერმა, ბერდია სიჭინავამ 11 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქართული ოცნების მიერ „მოსყიდული და გადაბირებული“ წევრები – ნუგზარ შუშანია და მაკა ჩარტია გარიცხეს.

ბერდია სიჭინავას მტკიცებით, მმართველი პარტია შუშანიას საკრებულოს თავჯდომარის მოადგილის თანამდებობას, ჩარტიას კი – უმუშევარი მეუღლის დასაქმებას დაჰპირდა.

მისივე თქმით, მაშინ, როდესაც, ქართული ოცნების „მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგად, ქვეყნის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას საფრთხე ემუქრება“, მმართველი პარტია „კრიმინალური სამყროს წარმომადგენლების“ ჩართულობით ოპონენტების მიმართ „აგრესიულად ბრძოლას“ აგრძელებს.

„ადგილი აქვს ადამიანების მოსყიდვას, დაშინებას, შანტაჟს, მოქალაქეების მიერ გაკეთებული არჩევნის ძალადობით წართმევას, რასაც ადამიანების გარკვეული ნაწილი სამწუხაროდ ვერ უძლებს“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ „[ქართულმა] ოცნებამ სრულად შეითავსა მმართველობის მახინჯი ფორმები, რომლებიც 2011-2012 წლებში, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებას ახასიათებდა“.

სიჭინავასვე თქმით, მმართველი გუნდი „დღეს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, ღიად ვაჭრობს ქვეყნის სუვერენიტეტით და ევროპული მომავლით, რომელსაც ჩვენი მოქალაქეები ღირსეულ, ეროვნულ პასუხს გასცემენ“.

ამასთან, მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ „[ქართული] ოცნების ეს ქმედებები ვერ იქნება დაბრკოლება“, ისინი გააგრძელებენ „ბრძოლას ქვეყნის განვითარებისთვის და ევროპული მომავლისთვის“ და „ყველა მსგავს შემთხვევაში, [მათი გადაწყვეტილება] იქნება ანალოგიურად მკაცრი“.

ყოფილი პრემიერის პარტიის ბრალდებებზე მეტი დეტალისთვის „სამოქალაქო საქართველო“ ქართულ ოცნებასა და ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დაუკავშირდა. მასალა პასუხების მიღებისთანავე განახლდება.

ნუგზარ შუშანიას განცხადება

თავად ნუგზარ შუშანიამ 12 აგვისტოს Facebook-ზე დაწერა, რომ პარტიას თავად ტოვებს და მიზეზად „გიორგი გახარიას და მისი გუნდი ბოლოდროინდელი განცხადებები და ქმედებები“ დაასახელა, რომლებიც „ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვება ნაციონალური მოძრაობის ნარატივს, მეტიც – ავსებს „ნაც. მოძრაობას“ და ეხმარება მას“.

„არაფერი მესაქმება პოლიტიკოსების იმ ჯგუფთან, ვინც ქვეყნის ინტერესები, საკუთარი ღირსება გაყიდა და შეუერთდა პარტიას, რომელიც ამ ქვეყანაში ყველაზე დიდ უბედურებასთან, ქვეყნის ღალატთან და ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებთან ასოცირდება“, – თქვა შუშანიამ.

მანვე დასძინა, რომ იგი „წლების განმავლობაში ებრძოდა ნაციონალური მოძრაობის რეჟიმს“. ამასთან, ის და მისი ოჯახი „მათგან არაერთი ზეწოლის, დაშინების და გატაცების“ ობიექტებიც კი იყვნენ.


ინტერნეტგამოცემა „ნეტგაზეთის“ 12 აგვისტოს ცნობით, ნუგზარ შუშანია ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს და მას საკრებულოს 21 წევრმა დაუჭირა მხარი.

ხობის საკრებულოში, ფრაქციას „საქართველოსთვის“ სულ 4 წევრი ჰყავდა, შუშანიასა და ჩარტიას გასვლით პარტიას საკრებულოში მხოლოდ ორი წარმომადგენელიღა რჩება.

შენიშვნა: მასალა 2022 წლის 12 აგვისტოს, ნუგზარ შუშანიას განცხადებისა და ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ მისი არჩევის შესახებ ცნობებით განახლდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)