რუსეთის ეკონომიკის მინისტრი აფხაზეთს სტუმრობს
რუსეთის ეკონომიკის მინისტრი, მაქსიმ რეშეტნიკოვი 11 აგვისტოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა, სადაც რეგიონის ლიდერს, ასლან ბჟანიას და ხელმძღვანელობის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა.
ბჟანიას ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ეკონომიკური განვითარების საკითხებზე იმსჯელეს, რა დროსაც, რეშეტნიკოვმა განაცხადა, რომ მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა რეგიონში განხორციელებულმა საუშაომ. „13 წლის განმავლობაში, რუსეთის მხარდაჭერით დიდი საქმე გაკეთდა, 500-ზე მეტი ობიექტი“, – აღნიშნა მან.
თუმცა, მისივე თქმით, გარკვეული პრობლემები რჩება, „განსაკუთრებით ენერგეტიკის საკითხებში“, რასაც მან აფხაზეთისთვის „უკიდურესად მნიშვნელოვანი და სენსიტიური“ თემა უწოდა.
შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ასლან ბჟანიამ აღნიშნა, რომ მათ აფხაზეთში მსხვილი საინვესტიციო პროექტების განხორციელებასთან და ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
„ასევე განვიხილეთ ჩვენი თანამშრომლობის ჰუმანიტარული სფეროც. ყველაფერში, რაზეც ვისაუბრეთ, როგორც მომეჩვენა, ურთიერთგაგებას ვპოულობთ“, – დასძინა ოკუპირებული რეგიონის ლიდერმა.
თავის მხრივ, რეშეტნიკოვმა განაცხადა, რომ რუსული ბიზნესი მზადაა ინვესტიციების მიმართ დიდი ინტერესი გამოავლინოს და მისი თქმით, ეს, უპირეველეს ყოვლისა, ტურიზმის სფეროს ეხება.
„ჩვენ ვხედავთ მიმდინარე ტურისტულ სეზონს და გვესმის, რამხელა მოთხოვნაა და როგორი უნიკალური შესაძლებლობები აქვს რესპუბლიკას ტურიზმის განვითარებისთვის“, – განაცხადა მან.
„რუსეთის ფედერაცია ეხმარებოდა, ეხმარება და მომავალშიც დაეხმარება აფხაზეთს. რომ ეკონომიკურად უფრო დამოუკიდებელი გახდეს“, – განაცხადა რეშეტნიკოვმა.
ამ კუთხით, ეკონომიკის მინისტრმა აფხაზეთის შემოსავლების ზრდაზე გაამახვილა ყურადღება, რაც „არსებითად აღემატება რუსული ბიუჯეტიდან მიღებული დახმარების ზრდის ტემპს“.
ადგილობრივი სააგენტო „აფსნიპრესის“ ინფორმაციით, რეშეტნიკოვი ოკუპირებული რეგიონის „ვიცე-პრემიერსა და „ეკონომიკის მინისტრს“ კრისტინა ოზგანსაც შეხვდა. მხარეებმა რუსული დაფინანსებით განხორციელებული სამშენებლო პროექტები დაათვალიერეს.
ასევე წაიკითხეთ:
- ოკუპირებულ აფხაზეთში რეგიონის უსაფრთხოებაზე იმსჯელეს
- რუსეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე აფხაზეთს ესტუმრა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)