„საია“ სენაკის საკრებულოს შუალედური არჩევნების გაუქმებას ითხოვს
არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია) აცხადებს, რომ ცესკოს მიერ სენაკის მუნიციპალიტეტში 1 ოქტომბერს საკრებულოს ერთი წევრის ასარჩევად შუალედური მაჟორიტარული არჩევნების დანიშვნა „კანონს არ შეესაბამება“ და მისი გაუქმების მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს.
სენაკის მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური არჩევნები ცესკომ მას შემდეგ დანიშნა, რაც ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა, ვახტანგ წურწუმიამ საკრებულო პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. მას უფლებამოსილება ვადამდე ადრე ოფიციალურად 31 მაისს შეუწყვიტეს.
15 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში „საია“ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსზე1 მითითებით აღნიშნავს, რომ ვინაიდან, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო უკვე 6 თვეზე მეტია არ შეკრებილა, მისი უფლებამისილების შეწყვეტის უპირობო საფუძველი და მუნიციპალიტეტში რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის წინაპირობები არსებობს.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ განმარტავს, რომ სენაკის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო ბოლოს 2021 წლის 17 დეკემბერს შეიკრიბა და მას შემდეგ, სხდომის ჩატარების 10-ზე მეტი მცდელობის მიუხედავად ეს კვორუმის არარსებობის გამო ვერ მოხერხდა.
ორგანიზაცია იმასაც აღნიშნავს, რომ 9 თებერვალს, სენაკის საკრებულოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის 16 დეპუტატი შეიკრიბა და მიუხედავად კვორუმის არარსებობისა, სხდომა 2021 წლის 3 დეკემბერის კვორუმზე დაყრდნობით გახსნეს, გახარიას პარტიის წევრის უფლებამოსილება ცნეს და დროებითი ხმის დამთვლელი და სამანდატო კომისიები გადაირჩიეს. ამასთან, 23 თებერვალს საკრებულოს თავმჯდომარეც აირჩიეს.
თუმცა, „საია მიიჩნევს, რომ 9 და 23 თებერვლის სხდომები სათანადო კვორუმის არარსებობის გამო ლეგიტიმური არ იყო, რის გამოც დეპუტატთა შეკრება საკრებულოს სხდომად ვერ ჩაითვლებოდა“. „შესაბამისად, სენაკის საკრებულოს 2022 წლის 17 ივნისიდან უფლებამოსილება უნდა შეწყვეტოდა, რის შემდეგაც, მთავრობა ვალდებული იყო გამოეცა სამართლებრივი აქტი ამ მუნიციპალიტეტში პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შემოღების შესახებ“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
პარტია საქართველოსთვის გამოხმაურება
ცესკოს მიერ სენაკში მხოლოდ მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნების დანიშვნა გააკრიტიკეს ყოფილი პრემიერის პარტიაშიც. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ბერდია სიჭინავამ 13 აგვისტოს განაცხადა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია „არის „ოცნების“ პარტიული დანამატი“, მისი გადაწყვეტილება კი – „უკანონო“.
მისივე თქმით, საკრებულო არ შეკრებილა და წურწუმიას უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ არც გადაწყვეტილება მიუღია. სიჭინავას განმარტებით, უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადებით საკრებულოს წევრი თავმჯდომარეს მიმართავს, სენაკის საკრებულოს თავმჯდომარის საკითხი კი – ქართული ოცნების მხრიდან „სადავოდაა მიჩნეული, საქმე სასამართლოში განიხილება“ და შესაბამისი განაცხადება „ფიზიკურად არ არსებობს“.
„„ოცნების“ კანტორად გადაიქეცით…, ჭრით და კერავთ კანონებს, თქვენეულ განმარტებებს აძლევთ იმპერატიულ ნორმებს, არც ის დაგვვიწყნია როგორ შეუწყვეთ ხელი ძველ საკრებულოებს დაემტკიცებინათ ახალი ბიუჯეტები. კრიმინალური მმართველობის ნაწილად იქეცით და აუცილებლად, სამაგალითოდ მკაცრად, მაგრამ სამართლიანად აგებთ პასუხს ამ კრიმინალურ პროცესში ჩართული ადამიანები“, – მიმართა მან ცესკოს.
ქართული ოცნების მხრიდან „არჩევნების შედეგების შეცვლის მორიგ“ მცდელობას 15 აგვისტოს კიდევ ერთხელ გამოეხმაურნენ და კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ ცესკომ „იმოქმედა ხელისუფლების ინტერესით“, რაც „მიზანმიმართულად აზიანებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს“.
„აღნიშნული უკანონობა ხორციელდება იმ ფონზე, როცა საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად სულ რაღაც 5 თვეში ამბიციური დემოკრატიული რეფორმები აქვს განსახორციელებელი, მათ შორის ცესკო-ს დამოუკიდებლობისა და საარჩევნო სისტემის რეფორმის მიმართულებით“, – თქვა პარტიის კიდევ ერთმა ლიდერმა, ნათია მეზრვიშვილმა ბრიფინგზე.
საარჩევნო ადმინისტრაციის პასუხი
„სამწუხაროა, რომ ცესკოს კანონიერი და აუცილებელი საქმიანობა კონკრეტული პოლიტიკური ძალის მიერ ინსტიტუციის დისკრედიტაციის მიზნით გამოიყენება“, – განაცხადეს ცესკოში 13 აგვისტოს „უსაფუძვლო ბრალდებებისა და მუქარის“ საპასუხოდ.
ცესკოს განმარტებით, ცესკოსთვის სენაკის საკრებულოსადმი 1 ივნისის მიმართვაში განმარტებული იყო, რომ ვახტანგ წურწუმიას უფლებამოსილება ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის2 43-ე მუხლის I („ა”) და IV პუნქტების შესაბამისად შეუწყდა.
„შესაბამისად, ცესკოს გააჩნდა სრული სამართლებრივი საფუძველი და ვალდებულება კანონით დადგენილ ვადაში დაენიშნა თვითმმართველი თემის – სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები“, – ვკითხულობთ ცესკოს განცხადებაში.
ამასთან, საარჩევნო ადმინისტრაციის განმარტებით, კანონმდებლობით პირადი განცხადების საფუძველზე საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა, „ხდება ამ განცხადების წარდგენიდან მომდევნო დღეს და საკრებულოს მიერ ამ ფაქტის ცნობად მიღების ფაქტი, ასევე ის გარემოება თუ როდის მოხდა უფლებამოსილების შეწყვეტის ცნობად მიღება არ ცვლის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის კონკრეტულ დღეს“.
„ასევე, შუალედური არჩევნების დანიშვნისთვის საკრებულოს სხდომაზე ფაქტის ცნობად მიღება/არ მიღება არ წარმოადგენს ცესკოსთვის სავალდებულო იურიდიულ გარემოებას“, – დასძინეს ცესკოში.
რა მოხდა სენაკის საკრებულოში
საგულისხმოა, რომ იქამდე, სანამ სენაკის საკრებულოს ფრაქცია ენმ-ის წევრი, ვახტანგ წურწუმია პირადი გადაწყვეტილებით წასვლის შესახებ განაცხადებდა, მისი თანაგუნდელები აცხადებდნენ, რომ იგი „გაიტაცეს“ და საკრებულოს დატოვებას სთხოვდნენ.
30 მაისს სენაკის საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლაშა კუჭავამ განაცხადა, რომ ისინი წურწუმიას დილიდან ეძებდნენ, თუმცა ვერ პოულობდნენ და მისი ადგილსამყოფელი ოჯახის წევრებისთვისაც უცნობი იყო.
„ჩემი ინფორმაციით, მასზე მიმდინარეობს ზეწოლა, გატაცებული არის და მას სთხოვენ საკრებულოს დატოვებას“, – თქვა მან და დასძინა, რომ მუქარა, ზეწოლა, მოსყიდვა მათი პარტიის ყველა წევრის მიმართ ხორციელდებოდა.
მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის პროცედურული დავის ფონზე, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობა და პარტიამ საქართველოსთვის 23 თებერვალს სენაკის საკრებულოს თავმჯდომარედ ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას თანაგუნდელი ირაკლი კაჭარავა აირჩიეს.
თვეების განმავლობაში, სენაკის 33-წევრიან საკრებულოში თავმჯდომარის არჩევა იმის გამო ვერ ხერხდებოდა, რომ უმრავლესობა არც ქართულმა ოცნებას ჰქონდა და არც ოპოზიციას. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, მმართველმა პარტიამ საკრებულოში 16 მანდატი მოიპოვა, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ 13, გიორგი გახარიას პარტიამ საქართველოსთვის კი – 4.
თუმცა, სენაკის საკრებულოში ჩიხი მას შემდეგ შეიქმნა, რაც საქართველოსთვის ერთ-ერთმა წევრმა, ილია ახალაიამ დეკემბრის დასაწყისში მანდატზე უარი თქვა. შედეგად ოპოზიციას ჯამში 16 ხმა დარჩა, რაც თავმჯდომარის ასარჩევად საკმარისი არ იყო.
საკრებულოში ვითარება 9 თებერვალს, მას შემდეგ შეიცვალა, რაც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ახალაიას ადგილმონაცვლის, ნიკოლოზ შამათავას უფლებამოსილება ცნეს. თუმცა, ქართული ოცნების წევრებმა და საკრებულოს აპარატის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ ამით ოპოზიციამ კანონი დაარღვია.
მაშინ ქართულ ოცნებაში განაცხადეს, რომ ისინი მმართველი პარტია სენაკის რაიონულ სასამართლოს მიმართავს და საკრებულოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილების ბათილად ცნობას მოითხოვს. „საიას“ ცნობით, სასამართლომ საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოქმედება შეაჩერა და საქმე კვლავ განხილვაშია.
2ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, მუხლი 43 (I, „ა“; IV), მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა და შეჩერება: მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ უფლებამოსილება პირადი განცხადებით მოიხსნა;
საკრებულოს წევრს/თანამდებობის პირს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება შესაბამისი ფაქტის დადგომის მომდევნო დღიდან. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი უფლებამოსილების პირადი განცხადებით მოხსნის შესახებ წერილობით აცნობებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს. მისი უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტად ითვლება შესაბამისი განცხადების რეგისტრაციის მომდევნო დღე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)