სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი რუსეთის მოქალაქეთათვის სავიზო რეჟიმის დაწესებას ითხოვს
არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი მხარდაჭერას გამოხატავს უკრაინელი ხალხის მიმართ „თავისუფლებისთვის ბრძოლაში“ და მოითხოვს „დაუყოვნებლივ დაუწესდეს სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებს და გადაიხედოს ქვეყნის ტერიტორიაზე უკვე შემოსულ პირთა სამართლებრივი სტატუსი“.
16 აგვისტოს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში, ხელმომწერები აღნიშნავენ, რომ „საქართველოში შემომავალი რუსეთის მოქალაქეებისა და ბიზნესის კონტროლი, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საკითხია“.
- მოქალაქეთა ნაწილი რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებას ითხოვს
- კობახიძე ოპოზიციის, მედიისა და არასამთავრობოების ნაწილს რუსების მიმართ ქსენოფობიაში ადანაშაულებს
კერძოდ, მათი განმარტებით, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების განგრძობადი ოკუპაცია, საქართველოში ჩადენილი ეთნიკური წმენდა, ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი და რუსეთის ფედერაციის მიერ ხშირად გამოყენებული მიდგომა – საკუთარი მოქალაქეების ე.წ. დაცვის საბაბით, უცხო ქვეყანაში ინტერვენციასთან დაკავშირებით – „საკმარის საფუძველს ქმნის სავიზო რეჟიმის დასაწესებლად“.
მათივე განმარტებით, მის კუთვნილ ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების დაშვება ნებისმიერი ქვეყნის დისკრეციაა და „ნებისმიერ დამოუკიდებელ ქვეყანას უფლება აქვს, გადაწყვიტოს, რომელი სახელმწიფოს მოქალაქეებს აქვთ ქვეყანაში შემოსვლის, გადაადგილებისა და სიკეთეებით სარგებლობის უფლება“.
„გარდა ამისა, აპრობირებული პრაქტიკაა, რომ ოკუპანტი და მტრულად განწყობილი ქვეყნის მოქალაქეებს, შეეზღუდოთ გარკვეული უფლებებით სარგებლობა, რაც თავსებადია ადამიანის უფლებების საერთაშორისოდ დადგენილ სტანდარტებთან“, – ხაზს უსვამენ ხელმომწერები.
ისინი ასევე განმარტავენ, რომ „პოლიტიკური თავშესაფრისა და ლტოლვილის სტატუსის მიღება აღიარებული და დარეგულირებულია საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტებით, რომელთა გამოყენება ხდება ინდივიდუალურად, მთელი რიგი გარემოებების გათვალისწინებით. „შესაბამისად, აღნიშნული წესები ვერ იქნება სავიზო რეჟიმის დაწესების საწინააღმდეგოდ გამოყენებული“.
გარდა ამისა, ხელმომწერები აღნიშნავენ, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეებისა და ბიზნესის „მასობრივი შემოდინება ცხადად მიუთითებს, რომ ოკუპანტი სახელმწიფოს მოქალაქეებს, თავისუფლად შეუძლიათ, ოკუპირებული საქართველოს გამოყენებით, თავი დააღწიონ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო შექმნილ რთულ ეკონომიკურ ვითარებას“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)