ოკუპირებულ ცხინვალში დაპატიმრებულ ყოფილ ქართველ სამხედროს სასჯელი შეუმცირეს
ოკუპირებულ ცხინვალში დაპატიმრებულ საქართველოს მოქალაქეს, ყოფილ სამხედრო მოსამსახურეს, მამუკა ჩხიკვაძეს ე.წ. „საზღვრის უკანონო კვეთისა“ და „ნარტკოტრეფიკისთვის“ მისჯილი 5.5-წლიანი პატიმრობა 3 წლამდე და 8 თვემდე შეუმცირეს. ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო „რესი“ ავრცელებს.
მამუკა ჩხიკვაძე „რუსეთის საოკუპაციო ძალებმა“ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, 2021 წლის დეკემბერში დააკავეს. მას პატიმრობა 2022 წლის მაისში მიუსაჯეს.
„რესის“ ცნობით, 4 აგვისტოს, ცხინვალის „რაიონულმა სასამართლომ“ მამუკა ჩხიკვაძე დამნაშავედ ცნო საზღვრის უკანონოდ კვეთისა და ნარკოტიკული საშუალებების კონტრაბანდისთვის წარდგენილ ბრალდებებში.
ამავე ინფორმაციით, დაკავებისას ჩხიკვაძეს 4 გრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება, „მარიხუანა“ აღმოუჩინეს.
ჩხიკვაძისთვის თავდაპირველი განაჩენის გამოტანის შემდეგ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ ოკუპირებულ ცხინვალში მას „გამოგონილი ბრალდებები“ წაუყენეს.
სუს-ში ასევე აღნიშნეს, რომ ჩხიკვაძისთვის პატიმრობის მისჯამ „კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ოკუპაციის არაჰუმანური და დანაშაულებრივი არსი, რომელზეც სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტროლის განმახორციელებელ ძალას“.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)