ოკუპირებული ცხინვალი გამშვებ პუნქტებს ყოველთვიურად გახსნის
ოკუპირებული ცხინვალის ხელისუფლების გადაწყვეტილებით ყოველი თვის 20-30-მდე რიცხვებში, თბილისის დროით 10:00-20:00 სთ-მდე პერიოდში, ორ გამშვებ პუნქტს გახსნის.
ოკუპირებული ცხინვალის ლიდერის, ალან გაგლოევის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, დროის დასახელებულ შუალედებში საჩხერის მუნიციპალიტეტში მდებარე სინაგურისა და ოძისის (მცხეთა მთიანეთი) გამშვები პუნქტები გაიხსნება.
ამავე ინფორმაციით, იმის გამო, რომ გამშვები პუნქტები დიდი ხნის განმავლობაში იყო დაკეტილი 2022 წლის 31 ნოემბრამდე მათი გადაკვეთა ვადაგასული საშვებით იქნება ნებადართული.
- „ლომისობასთან“ დაკავშირებით ცხინვალმა გამშვები პუნქტების ნაწილი დროებით გახსნა
- აღდგომის დღესასწაულისთვის ცხინვალი გამშვებ პუნქტებს დროებით ხსნის
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოხმაურება
19 აგვისტოს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) განაცხადა, რომ ცხინვალის საოკუპაციო ხაზის კვეთაზე დაწესებული „უკანონო შეზღუდვების“ შემსუბუქების რეჟიმი ძალაში 2022 წლის 31 დეკემბრამდე იქნება.
სუს-ის ცნობით, თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული უკანონო შეზღუდვების მოხსნა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების ერთ-ერთ ძირითადი საკითხი იყო და ის ცენტრალური ხელისუფლების მიერ მუდმივად განიხილებოდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების შეხვედრებზე.
„ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული უკანონო შეზღუდვები მნიშვნელოვნად ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრებას და აზიანებს უსაფრთხოების გარემოს, აღნიშნულზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, – აღნიშნეს სუს-ში.
რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის ხელმძღვანელობამ გამშვები პუნქტები 2019 წლის სექტემბრის დასაწყისში ჩორჩანა-წნელისის კრიზისის დროს თბილისიდან მომდინარე შესაძლო საფრთხეების მიზეზით ჩაკეტა.
თავდაპირველად მათ სინაგურისა და ოძისის გამშვები პუნქტები ჩაკეტეს. ოძისის პუნქტი, რომელიც ახალგორელებს დანარჩენ საქართველოსთან აკავშირებს, ჩაკეტვამდე ყოველდღიურად დაახლოებით 400-მდე გადასვლას ემსახურებოდა.
მოგვიანებით, 2020 წელს კოვიდ-19-ის პანდემიის მომიზეზებით, რეგიონის მაშინდელი ლიდერის, ანატოლი ბიბილოვის ადმინისტრაციამ ხუთივე გამშვები პუნქტი ჩაკეტა, რამაც ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებთა ჰუმანიტარული სიტუაცია დაამძიმა, რაც ძირითადად თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამედიცინო სერვისების მიღებისთვის გადმოსვლის დაყოვნებასა და ჯანდაცვის მომსახურების ნაკლებობაში გამოიხატა.
ასევე წაიკითხეთ:
- ოკუპირებულ ცხინვალში დაპატიმრებულ საქართველოს მოქალაქეს სასჯელი შეუმცირეს
- ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან დაკავებული საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)