საარჩევნო სისტემის რეფორმის სამუშაო ჯგუფში ISFED-ის ჩართვაზე უარისთვის მმართველ პარტიას აკრიტიკებენ
ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავების მიზნით შექმნილი საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის სამუშაო ჯგუფის პირველ შეხვედრაზე ქართულმა ოცნებამ 18 აგვისტოს საარჩევნო თემატიკაზე მომუშავე ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) არ მიიწვია. ქართულ ოცნებაში მიზეზად ორგანიზაციის მიერ „ნეიტრალიტეტის დაკარგვა“ დაასახელეს.
სამუშაო შეხვედრაზე „სამართლიანი არჩევნების“ არმიწვევას არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციის მხრიდან მმართველი პარტიის მიმართ კრიტიკა მოჰყვა. მათ შორის, სამუშაო ჯგუფის კიდევ ერთმა მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ (საია) შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა.
ქართული ოცნების არგუმენტაცია
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის და საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის, გივი მიქანაძემ განმარტა, რომ სამუშაო ჯგუფში „სამართლიანი არჩევნების“ დაუპატიჟებლობის გადაწყვეტილება მან „პერსონალურად“ მიიღო, თუმცა მის პოზიციას მთლიანად მმართველი გუნდი იზიარებს.
„შეუძლებელია, ლეგიტიმურ პროცესში შემოვიდეს ის ორგანიზაცია, რომელიც ამ ხელისუფლების ლეგიტიმაციას აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ, ითხოვს მთავრობის გადაყენებას, ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებას და ამ ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბების პროცესში არასამთავრობო სექტორის სახით მონაწილეობას“, – განაცხადა მან ჟურნალისტებთან საუბრისას.
მანვე დასძინა, რომ სამუშაო პროცესში მხოლოდ ის არასამთავრობო ორგანიზაციები უნდა იყვნენ ჩართულნი, რომლებიც „ინარჩუნებენ ნეიტრალიტეტს“. „სამართლიანმა არჩევნებმა ეს ნეიტრალიტეტი დაკარგა“, – ხაზი გაუსვა მან და დასძინა, რომ „თუ ამ პროცესში ნეიტრალური ორგანიზაციების ჩართულობა გვინდა, ეს გადაწყვეტილება არის ამის გამოხმაურება“.
„სამართლიანი არჩევნების“ გამოხმაურება
მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას დღესვე ოფიციალური განცხადებით უპასუხეს „სამართლიან არჩევნებში“ და განმარტეს, რომ „ხელისუფლების დამოკიდებულება წარმოადგენს პირდაპირ დემარშს „სამართლიანი არჩევნებისა“ და მთლიანად სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ, მათი კონსტრუქციული პოზიციის და სამუშაო ჯგუფებში ჩართულობის მზაობის მიუხედავად“.
ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ „პროცესიდან პროფესიული ორგანიზაციის ჩამოშორება რეალურად სამუშაო ჯგუფის ფორმალურად შექმნაზე მიანიშნებს, რომლის მიზანიც საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესებისა და ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების ნაცვლად, პროცესის გაჭიანურება და რეკომენდაციების შესრულების მზაობის ილუზიის შექმნაა“.
„ქართული ოცნების ეს გადაწყვეტილება, საქართველოს მომავლისთვის ასეთ გადამწყვეტ მომენტში, ეწინააღმდეგება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს“, – ხაზს უსვამენ ორგანიზაციაში და დასძენენ, რომ „მმართველი პარტიის ასეთ პოზიციას სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვად აფასებს, რაც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს“.
„სამართლიან არჩევნებში“ იმასაც განმარტავენ, რომ ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად, სამუშაო პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა თავად დასავლელი პარტნიორების რეკომენდაცია იყო. „თუმცა, მმართველმა პარტიამ სასურველი მიმართულებით რეფორმებზე მუშაობის საშუალება არ მისცა ყველა მსურველ ორგანიზაციას, ვინაიდან თითოეულ სამუშაო ჯგუფში მათთვის მხოლოდ 2 ადგილი განსაზღვრა“.
„ორგანიზაცია არ აპირებს არჩეული გზიდან გადახვევას და კვლავ გააგრძელებს მუშაობას ქართველი ხალხის საუკუნოვანი მისწრაფების – დასავლური ინტეგრაციის – ხელშეწყობისთვის“, – ხაზს უსვამენ „სამართლიან არჩევნებში“.
სამუშაო ჯგუფში მონაწილეობაზე უარს ამბობს „საიაც“
დღეს, სამუშაო ჯგუფი პროტესტის ნიშნად დატოვა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ნიკა სიმონიშვილმაც და ხაზი გაუსვა, რომ არ მიიღებს მონაწილეობას იმ შეხვედრებში, „სადაც დისკრიმინაციულად დევნიან ჩემს კოლეგებს“.
მისი შეფასებით, ამგვარი გადაწყვეტილებით „ხელისუფლება ცდილობს პირდაპირ ჩაერიოს სამოქალაქო საზოგადოების აქტივობებში, მის საქმიანობაში, რაც აბსოლუტურად მიუღებელი და დაუშვებელია“. „ამას არაფერი აქვს საერთო იმ პროცესთან, რასაც გვთხოვს ევროკავშირი. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის რეკომენდაციებს და არსებითაც აზიანებს ამ პროცესს“.
სიმონიშვილმა შეხვედრაზე „სამართლიანი არჩევნების“ არმიწვევა მმართველი პარტიის მხრიდან საკუთარი მოსაზრებების გამო ორგანიზაციის „დევნად“ შეაფასა და ხაზგასმითა აღნიშნა, რომ „აუცილებელი იყო და არის, რომ „სამართლიანი არჩევნები“ მონაწილეობდეს ამ სამუშაო ჯგუფში“.
ოპოზიციის გამოხმაურება
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, რომან გოცირიძის შეფასებით, შეხვედრაზე „სამართლიანი არჩევნების“ არმიწვევა მმართველი გუნდის მხრიდან იყო ერთგვარი „პროვოკაცია“. „ნებისმიერ არასამთავრობო ორგანიზაციას მოუძებნიან საბაბს და თუ არ მოეწონებათ მათი პოზიცია, ყველას გამოაგდებენ ამ ჯგუფებიდან, რათა დარჩნენ მარტო და არაფერი აკეთონ“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ მმართველი გუნდი „კოსმეტიკურ ცვლილებებსაც“ კი არ მიიღებს.
ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა, რომ „სამწუხაროდ, ქართული ოცნება ახერხებს ხოლმე, რომ ოპოზიციური პარტიების რაღაცა ნაწილის ქმედებები და გადაწყვეტილებები სათავისოდ გამოიყენოს“. „და რატომ უნდა მივცეთ ქართულ ოცნებას დამატებითი არგუმენტი, რომ რაიმე სათავისოდ გამოიყენოს, სამწუხაროდ არ მესმის“.
სტრატეგია აღმაშენებლის დეპუტატი პაატა მანჯგალაძე მიიჩნევს, რომ ის, რომ ქართულმა ოცნებამ შეხვედრა არ დაასწრო ორგანიზაცია, რომელიც „არის ავტორიტეტი საარჩევნო მიმართულებით“, „მიუთითებს ხელისუფლების განზრახვაზე, რომ მათ სჭირდებათ ფარსი და არა რეალური, საქმიანი პროცესი, ამის ლუსტრაციაა ეს ყველაფერი“. „რაც უფრო მოახლოვდება რეკომენდაციების შესრულების დრო, ნახავთ უფრო მეტ ლუსტრაციას და ფარსს ქართული ოცნების მხრიდან, რომ ისინი არცერთი მიმართულებით არ გადადგამენ ფუნდამენტურ ნაბიჯებს“, – დასძინა მან.
„ოცნებას უბრალოდ არაფერზე სერიოზული მუშაობა არ უნდა. ეს არის ერთგვარი პრელუდია იმისთვის, რომ [სამუშაო ჯგუფების] მონაწილეებს ნერვები მოუშალონ და ნერვებმოშლილზე მოხდეს მათი რადიკალიზაცია“, – თქვა გირჩის დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ.
მოქალაქეების დეპუტატმა, ლევან იოსელიანმა აღნიშნა, რომ „სამართლიან არჩევნებს“ პოლიტიკური მოთხოვნები არასდროს გაუჟღერებია და ვინმეს მხრიდან რაიმე შეკრებაზე დასწრება „არ არის საკმარისი საფუძველი იმისთვის, რომ ამხელა ორგანიზაციას საერთოდ აუკრძალო დაესწროს საარჩევნო ჯგუფის შეხვედრებს“.
რესპუბლიკური პარტიის დეპუტატი, ხათუნა სამნიძე კი – მიიჩნევს, რომ მმართველი პარტიის მხრიდან „სამართლიანი არჩევნებისთვის“ უარის თქმა, „არის დასტური, რომ ქართული ოცნება არ აპირებს, რომ პროცესი იყოს ინკლუზიური, არამედ აპირებს, რომ მხოლოდ საკუთარი თანამოაზრეები ჰყავდეს ამ პროცესში და საკუთარი ერთპარტიული შეხედულებებით მიიღოს გადაწყვეტილებები“.
ასევე წაიკითხეთ:
- ოპოზიციის ნაწილმა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებისთვის ალტერნატიული სამუშაო პროცესი დაიწყო
- ქართულმა ოცნებამ ოპოზიციის ნაწილთან ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაზე იმსჯელა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)