არასამთავრობოები ქართულ ოცნებას ISFED-ის სამუშაო ჯგუფში ჩართვისკენ მოუწოდებენ
ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია ქართული ოცნების მიერ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად შექმნილ საარჩევნო რეფორმის ჯგუფში არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) მიწვევაზე უარს „უსამართლოდ“ და „დაუსაბუთებლად“ მიიჩნევს და ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება „დეპოლარიაზიისა“ და „გადაწყვეტილებების მიღების ყველა დონეზე“, სამოქალაქო ორგანიზაციების ჩართვის შესახებ ევროკავშირის პრიორიტეტების სულისკვეთებას.
20 აგვისტოს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში არასამთავრობოები ხაზს უსვამენ, რომ მმართველი გუნდის მიერ დასახელებული მიზეზებით „სამართლიანი არჩევნებისთვის“ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობის აკრძალვა, „წარმოადგენს კვალიფიციური და მდიდარი გამოცდილების მქონე სამოქალაქო ორგანიზაციის საქმიანობის თვითნებურ ხელშეშლას, დისკრიმინაციას აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლების საფუძვლით“.
„კრიტიკული შეხედულებებისა და შეფასებების გამო, ISFED-ის დისკრედიტაცია მიუთითებს, რომ მმართველი პარტია ვერ იაზრებს სამოქალაქო ორგანიზაციების, როგორც ხელისუფლების მაკონტროლებელ სუბიექტების როლს“, – აცხადებენ ხელმომწერები და ხაზს უსვამენ, რომ „დისკრიმინაციული და უსამართლო სამუშაო გარემო, არ ტოვებს ადგილს სამოქალაქო ორგანიზაციების მონაწილეობისთვის მმართველის პარტიის მიერ ინიცირებულ სამუშაო პროცესში“.
ამასთან, მათივე განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ შექმნილ სამუშაო ჯგუფებში ჩართვის სურვილი არაერთმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ გამოთქვა, ქართულმა ოცნებამ არასამთავრობოებს თანამშრომლობა მხოლოდ „მათ მიერ განსაზღვრული პირობებით და სამოქალაქო ორგანიზაციების მონაწილეობა უკიდურესად ლიმიტირებული რაოდენობით“ შესთავაზა.
„თუმცა, ქართული ოცნების მიერ ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლებებისა და, ძირითადად, არაინკლუზიურად შექმნილი სამუშაო ჯგუფების მიუხედავად, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები დღემდე კეთილსინდისიერად და კონსტრუქციულად ვმონაწილეობთ ყველა იმ სამუშაო ჯგუფში, სადაც მონაწილეობის შესაძლებლობა მოგვცეს, სამუშაო ჯგუფებს წარვუდგენთ ჩვენს წინადადებებსა და მოსაზრებებს განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით, – აცხადებენ უფლებადამცველები.
შესაბამისად, ისინი მოუწოდებენ მმართველ პარტიას, ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილების „დამაზიანებელი გავლენა“ გაიზიარონ და საარჩევნო საკითხებზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის მომდენო შეხვედრაზე „სამართლიანი არჩევნების“ ჩართულობა უზრუნველყონ.
„ISFED-ის სამუშაო ჯგუფში დაშვებამდე, განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები დროებით ვაჩერებთ მმართველი პარტიის ინიციატივით შექმნილ ყველა სამუშაო ჯგუფში მონაწილეობას“, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.
ასევე წაიკითხეთ:
- აშშ-ის საელჩო: საარჩევნო რეფორმების ჯგუფში ISFED-ის არდაშვება ევროკომისიის რეკომენდაციას ეწინააღმდეგება
- ევროკავშირის წარმომადგენლობა სამუშაო ჯგუფებში არასამათავრობოთა ჩართულობის მნიშვნელობაზე საუბრობს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)