შალვა პაპუაშვილი ISFED-ისა და ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების შესახებ საუბრობს
საქართველო პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 21 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე საარჩევნო საკითხებზე მომუშავე საპარლამენტო სამუშაო ჯგუფში არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) მიწვევაზე უარის შესახებ მმართველი გუნდის არგუმენტებზე ისაუბრა. მანვე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილი იმის გამოც გააკრიტიკა, რომ ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატად საარჩევნო ადმინისტრაციის მოქმედი თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი არ წარადგინა.
უარი „სამართლიან არჩევნებს“
შალვა პაპუაშვილმა საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის სამუშაო ჯგუფში „სამართლიანი არჩევნების“ მიწვევაზე მმართველი გუნდის უარი იმ არგუმენტი გაამართლა, რომ ამ უკანასკნელმა გადალახა „არასამთავრობო ორგანიზაციასა და პოლიტიკურ პარტიას შორის არსებული ზღვარი“.
კერძოდ, მისი თქმით, „სამართლიანი არჩევნები“ ერთ-ერთი იმ ორგანიზაციათაგანია, რომელმაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე ევროპული საბჭოს მიერ საქართველოს შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მეორე დღეს, 24 ივნისს გამართულ აქციაზე, პარლამენტს მთავრობის დასათხოვად და ე.წ. ტექნიკური მთავრობის შესარჩევად ერთკვირიანი ულტიმატუმი წაუყენა, რომლის ფორმირების პროცესშიც, ვეტოს უფლება მათ ექნებოდათ.
„მათ ეს ულტიმატუმი ბოლომდე ვერ მიიყვანეს, გამომდინარე იქიდან, რომ ხალხმა ზურგი აქცია ამ რადიკალურ მოთხოვნას, თუმცა ეს მოთხოვნა ჯერ კიდევ ჰაერში კიდია და მათ ეს ულტიმატუმი არ მოუხსნიათ“, – განმარტა პარლამენტის თავმჯდომარემ. მანვე დასძინა, რომ მას შემდეგ, რაც „სამართლიანმა არჩევნებმა“ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობის ინტერესი გამოხატა, მათ კითხვა დაუსვეს, კვლავ მხარს უჭერდნენ თუ არა აღნიშნულ მოთხოვნას.
„ჩვენ, სამწუხაროდ, ISFED-ისგან ვერანაირი პოზიცია ვერ მოვისმინეთ, ისინი უარს ამბობენ, რომ გაემიჯნონ ამ მოთხოვნას. აქედან გამომდინარე, სამუშაო ჯგუფში ისინი მოწვეულნი არ იყვნენ“, – ხაზი გაუსვა შალვა პაპუაშვილმა და დასძინა, რომ „თუკი, ისინი ამ პოზიციას აღარ იზიარებენ და მოხსნიან ამ მოთხოვნას, რა თქმა უნდა, მათ სრულად შეუძლიათ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამუშაო ჯგუფების მხრივ თანამშრომლობა შეუძლებელი იქნება“.
მანვე სამუშაო ჯგუფში „სამართლიანი არჩევნების“ ჩართვამდე პროცესში მონაწილეობაზე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის უარსაც უპასუხა და ხაზი გაუსვა, რომ ეს კოლეგების მიმართ „არაჯანსაღი სოლიდარობის“ გამოხატულებაა.
„ზღვარი სოლიდარობასა და კორპორატივიზმს შორის არის ძალიან ვიწრო და, სამწუხაროდ, სწორედ ასეთ დროს ხდება გადალახვა ამ ზღვრის და ნაცვლად ჯანსაღი სოლიდარობისა, ჩვენ ვხედავთ წმინდა კორპორატივიზმს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, „სამართლიანი არჩევნების“ ხმების პარალელურ დათვლაში აღმოჩენილი ხარვეზიც გაუხსენა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა მაშინაც სწორედ ასეთი კორპორატივიზმი და „ყალბი სოლიდარობა“ გამოავლინეს.
„ჩვენ მაშინაც მივმართავდით არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ ისინი დაგვხმარებოდნენ, რომ პარალელურ დათვლის შედეგები გვენახა, მათ შორის, დალაპარაკებოდნენ ISFED-ს და მაშინ ყველა ელიტური ორგანიზაცია დისტანცირდა ამ თემიდან. ამბობდნენ, რომ მათი პროფილი არ არის პარალელური დათვლა და მათ არ უნდოდათ კრიტიკა გამოეთქვათ კოლეგა ორგანიზაციის მიმართ“, – განაცხადა მან.
ჟურნალისტის კითხვაზე – ხომ არ არის მმართველი გუნდის გადაწყვეტილება ამ „გადაცდომის“ გამო „სამართლიანი არჩევნებისადმი“ ერთგვარი პოლიტიკური ანგარიშსწორება? – შალვა პაპუაშვილმა უპასუხა, რომ სწორედ ამ არჩევნების შემდეგ, როდესაც „ჯერ კიდევ განელებული არ იყო ის ტრავმები, რომლებიც საზოგადოებამ მიიღო, იმ დეზინფორმაციისგან, რომელსაც ISFED-ი ავრცელებდა“, ის საარჩევნო რეფორმისთვის შექმნილ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობდა. „[შესაბამისად] რა ანგარიშსწორებაზე არის საუბარი?“, – დასძინა მან.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საჭიროა, რომ „დროულად შეფასდეს“ ის ულტიმატუმები და „რადიკალური დღის წესრიგი“, რომელიც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას აქვს, „ვინაიდან თუკი ამაზე ჩვენ არ გვექნება ჩვენი პოზიცია, ეს მხოლოდ წაახალისებს რადიკალურ დღის წესრიგს, რაც ნიშნავს პოლარიზაციის წახალისებას“. „მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ რამდენიმე რადიკალური პარტია აცხადებს, რომ შემოდგომაზე ისინი გეგმავენ რადიკალურ აქციებს“, – დასძინა შალვა პაპუაშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე – ჰქონდა თუ არა მას კომუნიკაცია პარტნიორებთან „სამართლიანი არჩევნებისთვის“ უარის შედეგად გამოთქმული კრიტიკის შემდეგ? – პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა, ისინი ზოგადად თანამშრომლობის ფორმატის შესახებ საქმის კურსში არიან.
- აშშ-ის საელჩო: საარჩევნო რეფორმების ჯგუფში ISFED-ის არდაშვება ევროკომისიის რეკომენდაციას ეწინააღმდეგება
- ევროკავშირის წარმომადგენლობა სამუშაო ჯგუფებში არასამათავრობოთა ჩართულობის მნიშვნელობაზე საუბრობს
პარლამენტის თავმჯდომარემ პროცესში არასამთავრობოთა ნაკლები ჩართულობის შესახებ პრეტენზიებსაც უპასუხა და განაცხადა, რომ ყველა სამუშაო ჯგუფში წარმოდგენილია მინიმუმ 2 არასამთავრობო ორგანიზაცია, „რომელიც, თავის მხრივ, წარმოადგენს 200-მდე არასამთავრობო ორგანიზაციას“.
„ჩვენ გვაქვს თანამშრომლობა აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის სამოქალაქო პლატფორმასთან, რომელშიც თითქმის ყველა არასამთავრობო ორგანიზაციაა გაერთიანებული. ჩვენ მათთან გვაქვს შეთანხმება, რომ იმისთვის, რომ სამუშაო ჯგუფშიც იყოს სამუშაო გარემო, დაგვისახელონ 2 ორგანიზაცია [თითოეული ჯგუფისთვის], რომელიც თავის მხრივ იქნება ხიდი სამუშაო ჯგუფსა და 200-მდე არასამთავრობო ორგანიზაციას შორის“, – აღნიშნა მან.
პარლამენტის თავმჯდომარემ ისიც დასძინა, რომ სამუშაო ჯგუფებში არასამთავრობო ორგანიზაციების როტაციის შესაძლებლობაც არის, „ამიტომ, არათუ ფართო ჩართულობაა უზრუნველყოფილი, არამედ [პროცესში] თითქმის 200 ორგანიზაციაა პირდაპირ თუ არაპირდაპირ ჩართული“.
პრეზიდენტი ოპოზიციის „რადიკალურ დღის წესრიგს“ ახალისებს?
პრეზიდენტის მიერ ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების დასახელებაზე საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ, „სამწუხაროა“, რომ სალომე ზურაბიშვილმა პოსტზე მოქმედი თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი კომპეტენციის თვალსაზრისით „საგნობრივი“ დასაბუთების გარეშე არ დაასახელა. „ეს ჩემი აზრით, არის ოპოზიციის რადიკალური დღის წესრიგის წახალისება“, – აღნიშნა მან.
მისივე მტკიცებით, ცესკოს თავმჯდომარის 5-წლიანი ვადით ასარჩევად განსაზღვრული კვალიფიციური უმრავლესობის მოთხოვნა, „მოთხოვნა ახალისებს რადიკალურ დღის წესრიგს ოპოზიციის“.
მანვე ისიც აღნიშნა, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება „გახლავთ ზოგადად, კვალიფიციური, კეთილსინდისიერი და პროფესიონალი საჯარო მოხელეების დისკრედიტაცია“. „აქედან გამომდინარე, მე ძალიან ვწუხვარ, რომ არ [იქნა] წარმოდგენილი კვალიფიციური კანდიდატი [გულისხმობს გიორგი კალანდარიშვილს]“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)