„სოც. სამართლიანობის ცენტრი“ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებთა „მძიმე“ მდგომარეობაზე საუბრობს
არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ 23 აგვისტოს გამოქვეყნებულ ანგარიშში აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების – ხურჩასა და ფახულანის მკვიდრთა „მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე“ საუბრობს.
ორგანიზაციის თანამშრომლებმა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლები 16-17 აგვისტოს მოინახულეს.
გადაადგილების თავისუფლება
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სოფელი ფახულანი ფახულანი-საბერიოს ე.წ. გამშვებ პუნქტის სიახლოვეს მდებარეობს ადგილობრივებს საჭირო „სამგზავრო დოკუმენტების“ არარსებობის გამო, გალის მეზობელ სოფლებში გადაადგილებისა და საკუთარი ნათესავების მონახულების შესაძლებლობა არ აქვთ.
რაც შეეხება ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. გამშვებ პუნქტს, ორგანიზაცია აცხადებს, რომ ის 2017 წლის მარტის შემდეგ გაუქმებულია, რის გამოც „სრულიად გაწყდა კავშირი ხურჩასა და გალის სოფლების მოსახლეობას შორის“.
„სოფელი ხურჩას მაცხოვრებლები იხსენებენ წარსულში სოფელ ნაბაკევთან მჭიდრო და ყოველდღიურ კავშირებს და ამბობენ, რომ გადაადგილების შეზღუდვის შემდეგ ნაბაკეველი ბავშვები ვეღარ გადმოდიან ხურჩის საბავშვო ბაღში, ხოლო თვითონ წლებია ვეღარ მიდიან ნაბაკევში მათი ნათესავებისა და საფლავების მოსანახულებლად“, – ნათქვამია ანგარიშში.
ორგანიზაციის თქმით, ორივე სოფლის მოსახლეობა აღნიშნავს, რომ მათი უფლებრივი და სოციალური ყოფა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დამძიმდა და ვითარება წლების განმავლობაში უფრო და უფრო რთულდება.
„გაუარესება განსაკუთრებით აისახება აფხაზეთის რეგიონთან მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვაში და მასთან დაკავშირებული სოციალური და ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაში. მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო ორივე სოფლიდან მაღალია მიგრაცია, რაც მოსახლეობის რაოდენობის შემცირებას იწვევს“.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განმარტებით, ამ სოფლების შემოსავლის მთავარი წყარო თხილის მეურნეობაა, რის ფასიც მოსავლის ხარისხის შესაბამისად წლიდან-წლამდე მცირდება, „ადგილობრივებს არ აქვთ საკმარისი რესურსი რომ მეურნეობას სათანადოდ მოუარონ და ხარისხიანი მოსავალი მიიღონ, სახელმწიფოს კი მათ მხარდასაჭერად არ აქვს საკმარისი შეღავათიანი პროგრამები დანერგილი“.
შიშები კონფლიქტის განახლებაზე
ორგანიზაციის განმარტებით, ორივე სოფლის მკვიდრები აცხადებენ, რომ ომისა და კონფლიქტის ზონაში ცხოვრება აისახება მათ ყოველდღიურობაზე და მათ მოწყვლადს ხდის. მაგალითად, მათ განსაკუთრებულად კონფლიქტის განახლების შიში აქვთ.
„ხურჩას მოსახლეობა ომმა სამჯერ აყარა საკუთარი სახლებიდან. ამ ტრავმატული გამოცდილების მეხსიერება დღემდე ცოცხალია და ძლიერი“, – აცხადებენ „სოციალური სამართლიანობის ცენტრში“.
ამასთან, „ამ სოფლების მცხოვრებლების ნაწილმა ე.წ. საზღვრის გავლების გამო დაკარგა მიწები/თხილნარები და ხშირად კარგავენ საქონელსაც, რაც მათ მძიმე სოციალურ ზიანს აყენებს. დაკარგული მიწების სანაცვლოდ სახელმწიფოს მათთვის სხვა მიწის ნაკვეთები არ გადაუცია“.
ორგანიზაციაში ასევე ხაზს უსვამენ, რომ ადგილობრივებს ფინანსურ ტვირთად აწვებათ ე.წ. საზღვრის კვეთის გამო აფხაზეთის ძალების მხრიდან ხშირი უკანონო დაკავებებიც.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ თქმით, ამ სოფლებისთვის სახელმწიფოს არ აქვს სპეციალური სოციალური პროგრამები, რომლების ომის ზიანს და კონფლიქტის ზონაში ცხოვრების მოწყვლად რეალობას დააკომპენსირებდა. მათ არც მთის სტატუსი აქვთ.
„ომის ტრავმის გამოცდილების მიუხედავად, ამ სოფლებში არ ფუნქციონირებს ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის სპეციალური პროგრამები“.
ინფრასტრუქტურული საკითხები
ანგარიშის თანახმად, უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია და რეაბილიტაციას აღარ ექვემდებარება სოფელ ფახულანის საჯარო სკოლის შენობა. „იმ პირობებში, როცა ამ სოფლის სკოლით სარგებლობის ინტერესი გამყოფი ხაზის მიღმა სოფელ საბერიოში, გალის რაიონში მცხოვრებ ბავშვებსაც აქვთ, სკოლის კეთილმოწყობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
რაც შეეხება სოფელ ხურჩას, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებით, აქ ადგილობრივები სანიაღვრე არხების გაყვანას, სოფლის შიდა გზების დაგებასა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამართვას, ასევე სოფლის სამედიცინო ცენტრში ექიმებისა და ექთნის რეგულარული მუშაობის დაწესებას და სოფელში სკოლის გახსნას ითხოვენ.
„მათი თქმით, სოფელში დასაქმების ადგილების გაჩენა მიგრაციის შეჩერების საშუალება გახდება და მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ ამაზე პროაქტიულად იფიქროს“, – ნათქვამია ანგარიშში.
ასევე წაიკითხეთ:
- ოკუპირებული ცხინვალი გამშვებ პუნქტებს ყოველთვიურად გახსნის
- აფხაზეთის „პარლამენტის თავმჯდომარე“ აცხადებს, რომ ეთნიკურობის შესახებ კანონი ძალაშია
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)