კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ დააჯარიმა, „ფორმულა“ და „ტვ. პირველი“ გააფრთხილა

კომუნიკაციების კომისიამ 23 აგვისტოს გამართულ სხდომაზე დააკმაყოფილა კრიტიკული ტელეკომპანიების – „მთავარი არხის“, „ფორმულასა“ და „ტელეკომპანია პირველის“ წინააღმდეგ პარტია ქართული ოცნების საჩივარი და კამპანია „შინ ევროპისკენ“ კლიპის ეთერში განთავსების გამო „მთავარი არხი“ 118 688.67 ლარით (წლიური შემოსავლის 1%) დააჯარიმა, დანარჩენ ორ ტელევიზიას კი – წერილობითი გაფრთხილება გამოუცხადა.

ქართულმა ოცნებამ კომუნიკაციების კომისიას საჩივრით 5 აგვისტოს მიმართა და ტელევიზიების მიერ 23 და 24 ივნისს გასული „წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის შინაარსის ვიდეორგოლების“ გამო მათი დაჯარიმება მოითხოვა. მმართველ პარტიაში განმარტავდნენ, რომ ვიდეორგოლების მიზანი მმართველი პარტიისა და „მისი იდეის“ უარყოფითად ფორმირება და სამომავლოდ არჩევნებში მათი არჩევისთვის ხელშეშლაა.

ქართული ოცნების საჩივარს გამოეხმაურა მედიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობოთა გაერთიანება, „მედიის ადვოკატირების კოალიცია“ და კამპანია „შინ ევროპისკენ“ ეთერში გაშვებისთვის ტელევიზიების დაჯარიმების მოთხოვნა „საგანგაშოდ“ მიიჩნია. „მმართველი პარტიის მიმართ კრიტიკული შინაარსის ვიდეო რგოლების განთავსების ხელშეშლა მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს და საფრთხეს უქმნის პლურალიზმს ქვეყანაში. ამგვარი დამოკიდებულება შეუთავსებელია თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს მართვის პრინციპებთან“, – განაცხადეს მაშინ კოალიციაში.

კომისიამ „ფორმულასა“ და „ტელეკომპანია პირველისთვის“ მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება და „მთავარი არხის“ დაჯარიმება იმით ახსნა, რომ პირველ ორ მათგანს, ბოლო ერთი წლის განმავლობაში იდენტური დარღვევა არ ჰქონიათ, „მთავარმა არხმა“ კი – ამ პერიოდში კანონი უკვე მეორედ დაარღვია. ამასთან, კომისიის განმარტებით, „მთავარი არხი“ 2019-2021 წლებში, იმავე დარღვევისთვის ჯამში 4-ჯერ გაამტყუნეს.

კომისიამ ტელევიზიების მიერ ეთერში გაშვებული ვიდეორგოლი პოლიტიკურ რეკლამად მიიჩნია და განმარტა, რომ მისი არასაარჩევნო პერიოდში ეთერში გაშვება კანონდარღვევაა. „წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის განთავსება მაუწყებელს შეზღუდული აქვს თუ წინასაარჩევნო კამპანია არ მიმდინარეობს. წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის მაუწყებლის ეთერში განთავსება იკრძალება კენჭისყრამდე 50-ე დღემდე“.

კომისიის განცხადებით, „აშკარაა მაუწყებლების ეთერში განთავსებული რეკლამის მიზანი, ერთი მხრივ, იყო 24 ივნისს გასამართი მანიფესტაციის რეკლამირება, ხოლო, მეორე მხრივ, პოლიტიკური გაერთიანება ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს და მათი ლიდერების უარყოფით კონტექსტში წარმოჩენა“, – ნათქვამია კომისიის განცხადებაში.

ამდენად, კომისიის შეფასებით, ვიდეორგოლი თავისი შინაარსიდან გამომდინარე, პოლიტიკური პარტიის ლიდერებზე გავრცელებულ ინფორმაციაა, რომელიც პირთა განუსაზღვრელი წრისათვის არის გამიზნული და „ემსახურება ამ პოლიტიკური პარტიის და მისი წევრების მიმართ უარყოფითი აზრის ფორმირებას და მათი არჩევის ხელშეშლას“.

„გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ თავად მანიფესტაცია პოლიტიკური კონტექსტის მატარებელი იყო. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომუნიკაციების კომისიამ მიიჩნია, რომ სადავო ვიდეორგოლი წარმოადგენს პოლიტიკურ რეკლამას“, – ხაზგასმულია განცხადებაში.

ტელევიზიების შეფასება

დაკისრებული ჯარიმის გადახდას არ აპირებს „მთავარი არხი“. ტელეკომპანიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი გაბუნიამ თქვა, რომ ისინი კომისიის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

„კიდევ ერთხელ დაგვაჯარიმეს ევროპის მხარდამჭერი კლიპისთვის, რაც არ მიკვირს. მით უმეტეს, ისინი ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებდნენ, რომ ჩვენი ისედაც მძიმე ფინანსური მდგომარეობა კიდევ უფრო დაგვიმძიმონ“, – აღნიშნა მან.

გაბუნიამ ასევე დასძინა, რომ „პირდაპირი მუქარაც მოვისმინეთ, თომ თუ ასე გავაგრძელებთ და კიდევ ერთი პროევროპული კლიპი მოხვდება ჩვენს ეთერში, შეიძლება, საერთოდ ლიცენზია ჩამოგვართვან, ესეც არ გამიკვირდება“.

„ტელეკომპანია პირველის“ კომერციული დირექტორის, ნანა აბურჯანიძის თქმით, თავიდანვე ეჭვი არც ჰქონდათ, რომ ყველაფერი „წინასწარვე იყო განსაზღვრული და დადგმული“. „გვაქვს მორიგი გაწბილება მარეგულირებელი კომისიის მიმართ“.

„ყოველ ჯერზე, მაქვს ხოლმე იმედი, რომ ერთხელ მაინც იქნებ განიხილონ რაღაც ობიექტურად ან ერთხელ მაინც კომისიის წევრებმა მიიღონ რაღაც ლოგიკური გადაწყვეტილება, მაგრამ ისევ და ისევ მივიღეთ მორიგი სამარცხვინო, სასაცილო გადაწყვეტილება“, – ხაზი გაუსვა მან.

ტელეკომპანია „ფორმულას“ იურისტი, ეთერ ქავთარაძე მიიჩნევს, რომ მსგავსი ტიპის რეკლამები კანონმდებლობის მიხედვით, ყოველთვის „სოციალური რეკლამის სტატუსში“ ჯდება. „თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, კომისიამ მიიჩნია, რომ ასეთი რგოლი არის წინასაარჩევნო/პოლიტიკური, რაც არასწორია“, – დასძინა მან.

მედიაკოალიციის გამოხმაურება

მედიის ადვოკატირების კოალიციაში 23 აგვისტოს განაცხადეს, რომ კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება „დაუსაბუთებელი“ და „პოლიტიკური ხასიათისაა და არ ემყარება სამართლებრივ საფუძვლებს“, რაც „მნიშვნელოვნად აუარესებს მედიაგარემოს საქართველოში“.

კოალიციის განმარტებით, კამპანია „შინ ევროპისკენ“ სახელით გავრცელებულ სადავო რგოლში არცერთი სარჩევნო სუბიექტი ჩანს და საჯარო ხელისუფლების თანამდებობის რომელიმე კანდიდატი. „შესაბამისად, კუმულაციური პირობებს, რომელთა ერთობლიობაც წინასაარჩევნო რეკლამად შეფასების შესაძლებლობას შექმნიდა, მასალა ვერ აკმაყოფილებს“.

ვიდეორგოლი „შინ ევროპისკენ“

სამოქალაქო მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ ვიდეორგოლში, რომელიც მოქალაქეებს 24 ივნისს, პარლამენტის წინ პროევროპულ აქციაზე გასვლისკენ მოუწოდებს, მოქმედება ერთ-ერთ ოჯახში ხდება, რომლის წევრებიც ჩართული ტელევიზორიდან უკრაინაში მიმდინარე ომისა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის შესახებ მმართველი გუნდისა და მათთან დაახლოებული პირების განცხადებებს ისმენენ და სხვადასხვა ჟესტიკულაციითა თუ მიმიკით ბრაზს გამოხატავენ.

მაგალითად, ვიდეორგოლში ჩანს და ისმის პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის შემდეგი განცხადებები – „ამაზე ვსაუბრობდი მე 25 თებერვალს, ჯერ კიდევ, რომ თუ ვინმე დაიჩაგრებოდა და დაისჯებოდა ამ ომით, იქნებოდა უკრაინა“; „ვინაიდან უკრაინა არის ომში, სწორედ ამ მოტივაციით, ამ მიზნით აძლევენ მათ სტატუსს“; „ეს კანდიდატის სტატუსი არის სიმბოლური“.

ასევე: ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადება – „ასეთ რეზოლუციას, პირდაპირ ვიტყვით, ჩალის ფასი აქვს“; დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადება – „ის, რაც ჩვენ გუშინ მოვისმინეთ და ვნახეთ რეზოლუციის სახით იყო აბსოლუტურად სამარცხვინო“; ქართული ოცნების დეპუტატის, გია ვოლსკის განცხადება – „მე ვიტყოდი, რომ თავად ევროპარლამენტშიც არიან ადამიანები, ვინც ფეიკს ქმნიან“; ქართულ ოცნებასთან დაახლოებული მომღერლისა და ტელეწამყვანის, უცნობის განცხადება – „როგორ ხაფანგშიც შეათრიეს უკრაინა, ყველამ ერთად, ისეთ ხაფანგში ჩვენ ვეღარ შეგვათრევთ“ და სხვ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)