სალომე ზურაბიშვილმა ყირიმის პლატფორმის სამიტის მონაწილეებს მიმართა
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 23 აგვისტოს, ყირიმის პლატფორმის სამიტზე ვიდეოფორმატში ჩაერთო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
„ყირიმი უკრაინაა!“, – განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა – „ვამაყობ, რომ საქართველოს სახელით ვუერთდები ყირიმის პლატფორმის დეკლარაციას და ამით კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩვენს მხარდაჭერას თქვენი ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და თქვენი დეოკუპაციის სტრატეგიისადმი“.
„დღეს, ჩემთვის დიდი პატივია, სამიტზე წარმოვადგენდე საქართველოს და მის ხალხს. აუცილებელია ერთად ვიდგეთ იმ ფასეულობების დასაცავად, რომლებიც გვაერთიანებს და რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ ჩამოაყალიბებს ჩვენს საერთო მომავალს“, – ხაზი გაუსვა სალომე ზურაბიშვილმა.
მანვე აღნიშნა, რომ ხვალ, 24 აგვისტოს, „უკრაინა დამოუკიდებლობის დღესა და რუსეთის აგრესიისადმი მისი ვაჟკაცური წინააღმდეგობის ექვს თვეს აღნიშნავს“.
„…ჩვენ ყველამ ვიცით, რომ რუსული აგრესია უკრაინაში თებერვალში არ დაწყებულა და ყირიმი მართლაც იყო საწყისი გამოწვევა. ეს ძალიან კარგად გვახსენებს, იმას, რომ მშვიდობისა და უსაფრთხოების უპასუხო გამოწვევები, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისადმი უპასუხო აგრესია, მხოლოდ მეტ აგრესიას და მეტ არასტაბილურობას იწვევს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილმა ასევე ხაზგასმით თქვა, რომ საქართველოსთვის „კარგადაა ცნობილი და ხელახლა გაიხსნა მრავალი ჭრილობა, რადგან, კრემლის აგრესია მისი მშვიდობიანი მეზობლების წინააღმდეგ იმ მაგალითს მიჰყვება, რომელიც საქართველომ 1921, 1992 და 2008 წლებში განიცადა“.
„აქედან გამომდინარე, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რას ნიშნავს ჩვენს ტერიტორიაზე შემოჭრა და ოკუპაცია. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რა ფასი გადაიხადეს და იხდიან თქვენი ჯარისკაცები და მთლიანად თქვენი მოსახლეობა“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, უკრაინელი ხალხის ბრძოლა უკვე მოგებულია, რამდენადაც, „ის დაუპირისპირდა რუსეთის უძლეველობასა და დაუსჯელობის გრძნობას“. „თქვენი ბრძოლა უკვე მოგებულია, რადგან მან გამოიწვია საერთაშორისო საზოგადოების უპრეცედენტო პასუხი – ძლიერი და ერთიანი პასუხი“, – ხაზი გაუსვა საქართველოს პრეზიდენტმა.
მანვე აღნიშნა, რომ მსგავსი პასუხი „არ იყო გათვალისწინებული პრეზიდენტ პუტინის მიერ, ისეთი ტიპის პასუხი, რომელიც არ გვინახავს 2014 წელს ყირიმის ანექსიისას, ან 2008 წლის აგვისტოში“.
„დღევანდელი პასუხი ის პასუხია, რომელიც შეცვლის მომავალს! ეს იმის მტკიცებულებაა, რომ უკრაინის ომი, ყირიმის ოკუპაცია და დღევანდელი თავდასხმები ოდესაზე, მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის შავი ზღვის უსაფრთხოებას, და შესაბამისად, გლობალურ უსაფრთხოებას.“, – დასძინა მანვე.
პრეზიდენტის შეფასებით, მსოფლიო მარცვლეულის ექსპორტის შეჩერებით გამოწვეული საკვების დეფიციტის უპრეცედენტო რისკმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ „მშვიდობისა და უსაფრთხოების გაყოფა არ შეიძლება. ჩვენ ყველანი ერთ ნავში ვართ!“.
მანვე უკრანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება მიულოცა და გამოთქვა რწმენა, რომ „საქართველო მალე შეუერთდება ჩვენს ორ პარტნიორს – უკრაინასა და მოლდოვას ამ საერთო გზაზე“.
„მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ანაქრონისტული ომი მალე დასრულდება და ისტორიის სწორ მხარეს მდგომი უკრაინა გამარჯვებული გამოვა. ოკუპაციის ადგილი 21-ე საუკუნეში არ არის!“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მანვე დაამატა, რომ „ჩვენ მოწმენი ვიქნებით, რომ ჩვენი ერები დაიბრუნებენ ერთიანობას, ტერიტორიულ მთლიანობასა და კეთილდღეობას მშვიდობიან და უსაფრთხო ევროპაში“.
„გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, Slava Ukraini!“, – თქვა საქართველოს პრეზიდენტმა.
შარშან, სამიტის მონაწილეებმა ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს, რომლითაც ყირიმის საერთაშორისო პლატფორმა ჩამოყალიბდა, რომლის მიზანიც ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და სევასტოპოლის მშვიდობიანი დეოკუპაცია, რუსეთის წინააღმდეგ პოლიტიკური, დიპლომატიური და შემზღუდველი ზომების შესაძლო გამოყენება და ნახევარკუნძულზე ადამიანის უფლებების დაცვაა. ერთობლივ დეკლარაციაში, მონაწილეებმა დაგმეს ყირიმში ადამიანის უფლებათა და საერთაშორისო სამართლის დარღვევები, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე მილიტარიზაცია და დემოგრაფიული სტრუქტურის ცვლილება.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)