ოკუპირებული ცხინვალიდან აშშ-ის მოქალაქე გაათავისუფლეს
ოკუპირებული ცხინვალიდან აშშ-ის მოქალაქე ფრენკ იანეზი გაათავისუფლეს და ოფიციალური თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გამოუშვეს. ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო „რესი“ ავრცელებს.
ამავე ინფორმაციით, 1999 წელს დაბადებული იანეზი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 27 ივლისს, ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ბალაანის მიდიამოებში „საზღვრის უკანონო კვეთისთვის“ დააკავეს.
„რეს“-ის ცნობით, ოკუპირებულ ცხინვალში ინციდენტზე სრულ პასუხისმგებლობას საქართველოსა და აშშ-ის ხელისუფლებებს აკისრებენ, რომლებიც „სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე უარს აცხადებენ“.
„ბოლო დროს, ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც აშშ-ის მოქალაქემ არ იცოდა სამხრეთ ოსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის არსებობის შესახებ და უკანონოდ გადაკვეთა ის, საკუთარი სიცოცხლის საფრთხის ფასად“, – წერს რესი რეგიონის „სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის“ განცხადებაზე დაყრდნობით.
სუს-ის გამოხმაურება
დღესვე, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა, რომ ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებული აშშ-ის მოქალაქე, ფრენკ იანეზი თავისუფალია და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.
უწყების ცნობით, მისი დაუყოვნებლივი გათავისუფლების მოთხოვნით, ოფიციალური თბილის აქტიურად იყენებდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმს და ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებულ სხვა ინსტრუმენტებს. ამასთან, ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში აწვდიდნენ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.
სუსი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას აკისრებს და აცხადებს, რომ ხელისუფლება განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ რეგიონებში უკანონოდ დაკავებული პირების გასათავისუფლებლად.
ასევე წაიკითხეთ:
- ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებული აშშ-ის მოქალაქე თავისუფალია
- ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან დაკავებული საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)