სასამართლომ ნაციონალური მოძრაობის წევრს 11-დღიანი პატიმრობა შეუფარდა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 25 აგვისტოს განაცხადა, რომ ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ გუშინ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივ წევრს, არტურ მკოიანს სამართალდამცველისადმი დაუმორჩილებლობისთვის 11-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
შსს-ს განცხადებით, 23 აგვისტოს, ახალქალაქში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე „ოპელის“ მარკის ავტომობილიდან არტურ მკოიანმა „სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი პისტოლეტიდან“ პირადი ავტომობილით მოძრავი პოლიციის თანამშრომლების მიმართულებით გაისროლა.
უწყების განმარტებით, მომხდარზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა მკოიანის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩაატარეს, რა დროსაც იგი პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის (173-ე) დააკავეს.
უწყების განცხადებით, საქმეზე გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების მუხლით (236-ის მე-3 და მე-4), გრძელდება. შსს-ში არ აკონკრეტებენ ამოიღეს თუ არა მკოიანის სახლიდან იარაღი.
შსს-მ სროლის ინციდენტის ამსახველი ვიდეოც გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, რომ ავტომობილიდან ერთ-ერთი მამაკაცი იარაღიდან, სავარაუდოდ, ისვრის.
მკოიანის ოჯახის წევრების ბრალდებები
არტურ მკოიანის დაკავებას პოლიტიკურ მოტივს უკავშირებენ მისი ოჯახის წევრები და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალქალაქის რაიონული სამმართველოს უფროსს, შალვა ლომსაძეს ზეწოლასა და მუქარაში ადანაშაულებენ. ტელეკომპანია „ფორმულასთან“ საუბარში* მკოიანის მამა ამბობს, რომ სამართალდამცველები მათთან ღამის 11 საათისთვის მივიდნენ და მთელი ღამის განმავლობაში „უკანონო ცეცხლსასროლ“ იარაღს ეძებდნენ, მთელი სახლი გაჩხრიკეს, თუმცა ვერაფერი აღმოაჩინეს.
მამის ვერსიით, მისი შვილი იმის გამო დააკავეს, რომ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელია. მისივე თქმით, მისი შვილი და რძალიც 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სიაში იყვნენ და მათ ოჯახზე ზეწოლა, მუქარა და შანტაჟი სწორედ აქედან დაიწყო. „ჩემი ცოლი სამსახურიდან გაათავისუფლეს, ახლა არ ვიცი რა ვქნათ“, – ამბობს ის.
ოჯახის კიდევ ერთი ახლობელი მამაკაცი, რომლის ვინაობაც „ფორმულას“ მიერ მომზადებულ სიუჟეტში იდენტიფიცირებული არ არის, ამბობს, რომ „ამ ისტორიას“ დიდი ფესვები აქვს და ხაზს უსვამს, რომ მათ მიმართ მუქარები „წინასაარჩევნო პერიოდიდან მოდის“. მისივე თქმით, მკოიანის მეუღლეს „სექსუალური ძალადობითაც ემუქრებოდნენ“ და თავად არტურის პროვიცირებასაც ცდილობდნენ.
„ჩვენი პოლიციისთვის უკანონო ქმედებები არ არის ახალი, ჩვეულებრივი მოვლენაა, ისინი მხოლოდ არჩევნებით და პოლიტიკური საქმეებით არიან დაინტერესებულნი“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ „ეს არის პოლიციის უფროსის პირადი ახირება, როდესაც ის თვრება, იწყებს გარჩევებს და მისი უპირატესობების მტკიცებებს“.
წარსულში, მასზე სექსუალური ძალადობის მცდელობისა და მუქარის შესახებ ბრალდება თავად არტურ მკოიანის მეუღლემ, ნინა მკოიანმაც დაადასტურა და ახალქალაქის პოლიციის უფროსი გატაცებაში, მუქარასა და ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა. ნინა მკოიანის თქმით, მაშინ მან თავის დაღწევა შეძლო, თუმცა პოლიციის უფროსისთვის არ უჩივლია.
მისივე მონათხრობით, ინციდენტის შემდეგ, შალვა ლომსაძე მას და მის მეუღლეს სოციალური ქსელის, „ინსტაგრამის“ პლატფორმის სხვადასხვა ანგარიშიდან მუქარის შემცველ შეტყობინებებს უგზავნიდა. ნინა მკოიანის თქმით, მუქარის დამდასტურებელი „სქრინებით“ მას დღემდე შენახული აქვს.
მედიის ცნობით, არტურ მკოიანი, ქართული ოცნების ყოფილი წევრის, ენზელ მკოიანის ძმაა და წარსულში, იგი მმართველი პარტიის წარმომადგენელი თავადაც იყო.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ბრიფინგი
თანაპარტიელის დაკავების შემდეგ, 24 აგვისტოს ბრიფინგი გამართეს ერთიანი ნაციონალურ მოძრაობაში, სადაც ენმ-ის დეპუტატმა, გიორგი ბოტკოველმა მკოიანის დაკავება მისი ოჯახის მიმართ განხორციელებულ „ტერორად“ და „პოლიტიკური დევნად“ შეაფასა, „რისი მთავარი შემოქმედიც გახლავთ ახალქალაქის პოლიციის უფროსი, შალვა ლომსაძე“.
მისი თქმით, მკოიანების მიმართ ლომსაძის მხრიდან „პოლიტიკური დევნა“ ჯერ კიდევ 2020-2021 წლებში დაიწყო, როდესაც არტურ მკოიანი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სიის წევრი იყო. „მასზე ხორციელდებოდა სხვადასხვაგვარი ტერორი, ზეწოლა შანტაჟი, რათა მას დაეტოვებიან ნაციონალური მოძრაობა“, – ხაზი გაუსვა მან.
„ეს კიდევ ერთხელ არის ერთგვარი გამოხატულება ქართული ოცნების ხელისუფლების მხრიდან, რომ მთავარი სტრუქტურა, რომელიც ორიენტირებული უნდა იყოს ადამიანების დაცვაზე, დაკავებულია ადამიანების და ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ტერორით“.
ბოტკოველმა მოუწოდა ხელისუფლებას შეწყვიტონ იმ ადამიანის პოლიტიკური დევნა, რომლებიც „იბრძვიან საკუთარი სამშობლოსთვის“. „ეს ადამიანები გააგრძელებენ ბრძოლას მანამ, სანამ არ დასრულდება ის ხელისუფლება, რომელიც ადამიანებზე ზრუნვის ნაცვლად დაკავებულია ადამიანების ჩაგვრით, პოლიტიკური ტერორით, პოლიტიკური დაკავებებით…“, – დასძინა მან.
მკოიანის ოჯახის წევრების ბრალდებებისთვის არ უპასუხია, თუმცა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ბრიფინგს შსს დღეს გავრცელებულ განცხადებაშივე გამოეხმაურა და მკოიანების ოჯახის მიმართ „ტერორი და პოლიტიკური დევნა“ უარყო და ხაზი გაუსვა, რომ „აღნიშნული განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)