არასამთავრობოების თქმით, მათ მიმართ „ოცნების“ აგრესიული კამპანია „საგანგაშო ნიშნულზეა“
15-მა ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ 25 აგვისტოს განაცხადა, რომ ქართული ოცნების მხრიდან მათ მიმართ წარმოებული აგრესიული კამპანია „საგანგაშო ნიშნულს მიუახლოვდა“.
მათი შეფასებით, ამის მიზანი ქართული ოცნების მხრიდან ხელისუფლების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის გათიშვაა, რაც „ავტორიტარიზმის კიდევ ერთი მკაფიო გამოვლინებაა და მისი ფორმირების შეუქცევად დინებაზე მიანიშნებს“.
უფლებადამცველების თქმით, მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებისთვის შექმნილ საარჩევნო რეფორმების ჯგუფში „სამართლიანი არჩევნებისა დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) არ მიიწვია და სოლიდარობის ნიშნად, ჯგუფში მუშაობა სხვა არასამთავრობოებმაც შეაჩერეს, „მმართველი პარტია სამოქალაქო სექტორს თავს დაესხა“.
- არასამთავრობოები ქართულ ოცნებას ISFED-ის სამუშაო ჯგუფში ჩართვისკენ მოუწოდებენ
- საარჩევნო სისტემის რეფორმის სამუშაო ჯგუფში ISFED-ის ჩართვაზე უარისთვის მმართველ პარტიას აკრიტიკებენ
მათივე შეფასებით, 23 აგვისტოს, მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის არასამთავრობოების კომპეტენციასა და კეთილსინდისიერებაზე თავდასხმა, მათი დახარისხება და ხელისუფლებისთვის მიუღებელ არასამთავრობო ორგანიზაციათა შავი სიის შექმნა, „სხვა არაფერია, თუ არა მცდელობა ქართულმა ოცნებამ ხელისუფლების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლი გაანეიტრალოს და ამ გზით საკუთარი დღის წესრიგით საქმიანობა გაიადვილოს“.
ისინი ხაზს უსვამენ, რომ მმართველი პარტია იმ ინდივიდებს, თუ ორგანიზაციებს ესხმის თავს, რომლებიც აქტიურად აკვირდებიან ხელისუფლების საქმიანობას, აკრიტიკებენ აქამდე არსებულ სახიფათო პოლიტიკას, მოუწოდებენ ხელისუფლებას გადახედოს მის დღის წესრიგს და ევროინტეგრაციის, თუ ქვეყნის განვითარების გზაზე რეალური ნაბიჯების გადადგმა დაიწყოს.
„მიგვაჩნია, რომ ქართული ოცნება იაზრებს შედეგს თუმცა, მსგავსი რიტორიკითა და ნაბიჯებით მიზანმიმართულად ცდილობს მოშალოს ყველა ბერკეტი, რომელიც საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის სასიცოცხლოდ სჭირდება“, – აცხადებენ არასამთავრობოები.
მათივე თქმით, „სწორედ ასეთი გადაწყვეტილებები და განცხადებებია მიზეზი იმისა, რაც ყოველდღიურად ბუნდოვანს ხდის საქართველოს დემოკრატიული განვითარების მომავალს, როგორც ეროვნული, ასევე საერთაშორისო საზოგადოების თვალში, რაც სრულად ქართული ოცნების პასუხისმგებლობაა“.
სხვებთან ერთად, ხელმომწერ ორგანიზაციებს შორის ასევე არიან: „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“; „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი“; „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ და „საქართველოს რეფორმების ასოციაცია“.
ასევე წაიკითხეთ:
- აშშ-ის საელჩო: საარჩევნო რეფორმების ჯგუფში ISFED-ის არდაშვება ევროკომისიის რეკომენდაციას ეწინააღმდეგება
- ევროკავშირის წარმომადგენლობა სამუშაო ჯგუფებში არასამათავრობოთა ჩართულობის მნიშვნელობაზე საუბრობს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)