ოკუპირებული აფხაზეთი და სირია ერთობლივი განცხადებით მხარს უჭერენ რუსეთის უკრაინაში შეჭრას
ოკუპირებული აფხაზეთის „საგარეო საქმეთა მინისტრმა“, ინალ არძინბამ და რეგიონში ვიზიტად მყოფმა სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფაისალ მექდადმა 25 აგვისტოს ერთობლივი განცხადებით მხარი დაუჭირეს უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომს, ასევე დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებსა და სხვა რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებს, „რომელთაც სურთ, რომ თავად განსაზღვრონ საკუთარი ბედი“.
განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის შეჭრა უკრაინაში „მიზნად ისახავს უფრო სამართლიანი მსოფლიო წესრიგის შექმნას, სადაც პატივს სცემენ ერების უფლებებს, ისტორიულ ბედისწერას“.
განცხადებაში მხარეები გმობენ დასავლეთის ქვეყნების მიერ ოკუპირებული აფხაზეთის, სირიისა და რუსეთის წინააღმდეგ მიღებულ ზომებს, რომელთაც მათ „უკანონოს, არქაულს, უაზროს, აბსოლუტურად კონტრპროდუქტიულსა და არაადამიანურს უწოდებენ“.
მხარეებმა ასევე განაცხადეს, რომ ისინი „ერთიანნი არიან საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში“. მათვე „ზოგიერთი“ დასავლური სახელმწიფო სირიაში ტერორისტულ ჯგუფებთან კოორდინაციასა და მათ მხარდაჭერაში დაადანაშაულეს, ასევე სირიიდან „არალეგიტიმური უცხოური ძალების გაყვანისკენ“ მოუწოდეს.
აფხაზეთი და სირია ასევე შეთანხმდნენ, რომ გაააქტიურონ და კოორდინაცია გაუწიონ საგარეო საქმეთა სამინისტროების და „სახელმწიფოების“ დიპლომატიური მისიების საქმიანობას კონტაქტების გაფართოების საკითხებში, ევრაზიული ინტეგრაციის დღის წესრიგის კონტექსტში.
მხარეები სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებაზეც შეთანხმდნენ, მათ შორის, უფრო მეტი ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი ინსტიტუციების შექმნის გზით.
მათვე კულტურისა და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის მნიშვნელობასაც გაუსვეს ხაზი.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)