გაეროში საქართველოს ახალი ელჩი დავით ბაქრაძე იქნება
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 31 აგვისტოს დაადასტურეს, რომ სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში (გაერო) დავით ბაქრაძის ელჩად დანიშვნას.
დავით ბაქრაძემ თანამდებობაზე კახა იმნაძე შეცვალა, რომელსაც პოსტი 2013 წლიდან ეკავა. იმნაძე კანადაში საქართველოს ელჩის პოზიციაზე გადაინაცვლებს.
თავად პრეზიდენტმა 21 ივლისს კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ელჩების დანიშვნაზე ოფიციალურად შესული ყველა განაცხადი დააკმაყოფილა და ერთადერთი გამონაკლისი დავით ბაქრაძე იყო. მაშინ სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ადამიანს, რომელსაც აშშ-ში ელჩის თანამდებობაზე მსახურობისას აშშ-საქართველოს ურთიერთობებისთვის „არაფერი გაუკეთებია…, არ უნდა იყოს დანიშნული გაეროში“. სალომე ზურაბიშვილი ბაქრაძესთან მიმართებით მთავრობისგან უფრო მეტ დასაბუთებასა და არგუმენტაციას ელოდა.
გაეროში ელჩად დანიშვნამდე დავით ბაქრაძე 2016-2022 წლებში საქართველოს ელჩი იყო აშშ-ში. 2014-2016 წლებში დავით ბაქრაძე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტზე მსახურობდა. უფრო ადრე, 2012-2014 წლებში, იგი საქართველოს ელჩი იყო საბერძნეთისა და სერბეთის რესპუბლიკებში. 2008-2012 წლებში კი – ბაქრაძე ფინეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი და საქმეთა დროებითი რწმუნებული იყო.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტება
31 აგვისტოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია სულავამ განმარტა, რომ სალომე ზურაბიშვილმა დავით ბაქრაძე გაეროში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად 30 აგვისტოს განკარკგულებით დანიშნა, თუმცა პრეზიდენტის მიერ „ამერიკის შეერთებულ შტატებში [ბაქრაძის] გაწეული საქმიანობის უარყოფითი შეფასება კვლავ ძალაშია“.
მისივე განმარტებით, მაშინ როდესაც ჩვენს „ჩვენს მეზობელ და მეგობარ ქვეყანაში“, უკრაინაში მიმდინარეობს ომი საქართველოს პრეზიდენტს დავით ბაქრაძის ამ პოსტზე დანიშნვა „არ მიაჩნია მიზანშეწონილად“.
„ეს პოზიცია პრეზიდენტმა არაერთგზის დააფიქსირა როგორც საჯაროდ, ასევე არაფორმალური კონსულტაციების დროს“, – განმარტა ნათია სულავამ.
მანვე კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ სალომე ზურაბიშვილმა მისი ინაუგურაციის შემდეგ, ელჩების დანიშვნების შესახებ მთავრობის 39-ვე ოფიციალური წარდგინება დააკმაყოფილა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)