აშშ, საქართველო: საერთაშორისო თანამშრომლობა მნიშვნელოვანია გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა 29 აგვისტოს საქართველოსა და რამდენიმე სხვა ქვეყანასთან ერთად ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ხაზგასმულია საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობა გლობალური ჯანდაცვის უსაფრთხოებისთვის და რომ ასეთი პროგრამები მხოლოდ „მშვიდობიან მიზნებს“ ემსახურება.

ერთობლივ განცხადებას ასევე უერთდებიან: სომხეთი, უკრაინა, ერაყი, იორდანია, ფილიპინები, სიერა ლეონე და უგანდა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ „კოვიდ-19-ის პანდემიამ ხაზი გაუსვა ძლიერი ეროვნული შესაძლებლობების მნიშვნელობას ინფექციურ დაავადებათა ზედამხედველობის, დიაგნოსტიკისა და რეაგირებისთვის“.

„საერთაშორისო თანამშრომლობა და დახმარება გადამწყვეტ როლს თამაშობს ამ შესაძლებლობების განვითარებაში“, – აღნიშნულია განცხადებაში, სადაც ასევე ხაზგასმულია, რომ ზემოთხსენებული მთავრობები „ღია და გამჭვირვალედ“ პარტნიორობდნენ ბიოლოგიური საფრთხის შემცირების პროგრამის მეშვეობით, აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის ერთობლივი საფრთხის შემცირების პროგრამის ფარგლებში.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ რომ ამ პარტნიორობას „არანაირი კავშირი არ აქვს იარაღთან… ეს პარტნიორობა იცავს ადამიანებისა და ცხოველების ჯანმრთელობას ჩვენს ქვეყნებში, მათ შორის, ინფექციური დაავადების პრევენციის, გამოვლენისა და კონტროლის, ასევე ლაბორატორიული ბიოუსაფრთხოებისა და ბიოუსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებით“.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ პროგრამაში ჩართულმა მხარეებმა იციან მისი მნიშვნელობა გლობალური ჯანდაცვის უსაფრთხოებისთვის და საზოგადოებაზე ინფექციური დაავადებების გავლენის შემცირებისთვის.

„ჩვენი მთავრობები მტკიცედ ადასტურებენ საერთო მოსაზრებას, რომ ასეთი თანამშრომლობა არ უნდა დაირღვეს, არამედ ხელი უნდა შეეწყოს და გაძლიერდეს“, – ნათქვამია განცხადებაში.


აღსანიშნავია, რომ საქართველოს რიჩარდ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევის ცენტრი, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრს ექვემდებარებს, გახსნის დღიდან მოსკოვის დეზინფორმაციის სამიზნე არაერთხელ იყო.

მაგალითად, 2020 წელს, რუსეთის დუმას თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ მმართველი „ერთიანი რუსეთის“ პარტიიდან, იური შვიტკინმა განაცხადა, რომ ნოვიჩოკის ტიპის ქიმიური ნერვული აგენტები საქართველოსა და აშშ-ში მდებარე ლაბორატორიებში მზადდება.

კიდევ უფრო ახალხან, 2022 წლის თებერვალში, ცხინვალის უშიშროების სამსახურმა, რომელსაც FSB-ს ყოფილი თანამშრომელი, ოლეგ შირანი ხელმძღვანელობს, განაცხადა, რომ თბილისს შეუძლია ლუგარის ცენტრის მიერ ინფექციური დაავადებების კვლევა რეგიონში „ბიოტერორიზმისთვის“ გამოიყენოს.

ასევე წაიკთხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)