შევარდნაძე პარლამენტის რიგგარეშე სხდომას მოიწვევს
(თბილისი, 23 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე სავალდებულოდ მიიჩნევს უახლოეს დროში პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევას, რადგან პარლამენტს რიგი მნიშვნელოვანი საკითხები დარჩა განსახილველი.
“მარტო საარჩევნო კოდექში ცვლელებების შეტანას არ ვგულისხმობ. დარჩენილია ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. ეს საგანგებო სახდომაზე უნდა მოხდეს. დრო არ ითმენს”, – განაცხადა თავის დღევანდელ რადიოინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა.
იგი იმედოვნებს, რომ პარლამენტი კონსესუსს მიაღწვეს საარჩევნო კოდექსთან და საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, სახელისუფლებო ფრაქციების ინტერესებში არ შედის ადმინისტრაციებში წარმომადგენლობის უმრავლესობის ყოლა.
“საბოლოოდ უნდა დასრულდეს ბოროტი ცილისწამება სახელისუფლებო ფრაქციების მიმართ არჩევნების გაყალებების და გაჭიანურების თაობაზე. ორივე მხარიდან უნდა მოხდეს კომპრომისზე წასვლა”, – აცხადებს შევარდნაძე.
მისი თქმით, არჩევნებში დიდი როლი უნდა შეასრულოს სასამართლომ და ასევე უცხოელმა დამკვირვებლებმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)