ევროსაბჭო საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებას ამოწმებს

(თბილისი, 30 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – თბილისში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით მყოფი ევროპის საბჭოს სამდივნოს პოლიტიკური დეპარტამენტის დელეგაცია დეპარტამენტის წევრის ჯონ ლუის ლორენცის ხელმძღვანელობით დღეს პარლამენტის თავმჯდომარეს, ნინო ბურჯანაძეს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას შეეხო. მათ შორის ყურადღება ძირითადად გამახვილდა საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებაზე, ძალოვან უწყებებში რეფორმების განხორციელებასა და კორუფციასა და კრიმინალურ დანაშაულობებთან ბრძოლაზე.

ბურჯანაძესთან შეხვედრამდე ევროსაბჭოს დელეგაციას შეხვედრა ჰქონდა ანტიკორუფციულ საბჭოში. ჯონ ლუის ლორენცის თქმით, დელეგაციამ დაინახა, რომ კორუფციასთან ბრძოლის მხრივ რეალური ნაბიჯები გადაიდგა საქართველოში.

დელეგაცია დადებითად აფასებს ასევე სახელმწიფო კომისიის მუშაობას, რომელიც სამართალდამცავ უწყებებში რეფორმებზე მუშაობს.

დელეგაციის მეთაურის თქმით, ევროსაბჭო აქტიურად აპირებს ადევნოს თვალყური საქართველოსი არჩევნების ჩატარების პროცესს. ამასთანავე მან სინანული გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ქართულ მხარეს არ მოუხდენია ეროვნულ უმცირესობათა დაცვის კონვენციის რატიფიცირება. ჯონ ლუის ლორენცის თქმით, საქართველოსი არსებობენ ძალები, რომლებიც ხელს უშლიან ამ კონვენციის რატიფიკაციას.

ევროსაბჭოს დელეგაციას დაგეგმილი აქვს შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთანაც. დელეგაცია თბილისიდან 31 მაისს გაემგზავრება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)