ბურჯანაძემ და შევარდნაძემ პარლამენტში შექმნილი ვითარება და საარჩევნო კოდექსი განიხილეს
(თბილისი, 17 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – სახელმწიფო კანცელარიაში საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძისა და პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის შეხვედრა შედგა, სადაც განხილული იყო პარლამენტში მიმდინარე მოვლენები. ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მათ პარლემეტის დღის წესრიგში არსებული საკითხების საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის და სპეციალური ეკონომიკური ზონების შემოღების შესახებ ერთობლივად იმსჯელეს. “აღორძინება” სახელისუფლებო ფრაქციებს პარლამენტის სხდომების ჩაშლაში ადანაშაულებს, რათა არ მოხდეს თავისუფალი ეკონომიკური ზონების შესახებ კანონპროექტის განხილვა. ქვორუმის არ არსებობის გამო დეპუტატებმა 17 აპრილსაც ვერ დაიწყეს ამ საკითხის განხილვა. ნინო ბურჯანაძემ პრეზიდენტის წინაშე საკუთარი დამოკიდებულება დააფიქსირა პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ პროექტთან დაკავშირებით, რომელიც ცენტრელური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტებას ითვალისწინებს 11 კაცის შემადგენლობით. მათ შორის 9 პრეზიდენტი თავად წარადგენს, ხოლო ორს – აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელძღვანელობა. “მე უარყოფითად ვაფასებ პრეზიდენტის მხრიდან ცსკო-ს 11 წევრიდან, პრაქტიკულად 10-ის წარდგენას, ეს პირადად პრეზიდენტსაც მოვახსენე და ვიმედოვნებ, რომ ჩემი მოსაზრება გარკვეულწილად გათვალისწინებული იქნება” – განაცხადა ბურჯანაძემ შეხვედრის შემდეგ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)