კონტროლის პალატა საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის გამო შეშფოთებას გამოთქვამს

(თბილისი, 15 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – კონტროლის პალატის თავჯდომარემ სულხან მოლაშვილმა 15 ოქტომბერს მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას შეშფოთება გამოთქვა პოლიტიკური პარტიების მიერ წინაარჩევნოდ საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის გამო.

“კრიტიკული შენიშვნები როგორც ოპოზიციურ, ასევე სახელისუფლებო პარტიებს ეხებოდათ. დაუშვებელია, როცა კომუნალური ხარჯები წინასაარჩევნო მიზნებისთვის გამოიყენება, მაშინ როცა პენსიები და ხელფასები დაურიგებელია”, – განაცხადა მოლაშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის პირდაპირ ეთერში.

მან ასევე გააკრიტიკა თბილისის საკრებულო, რომელმაც, მოლაშვილის თქმით, ათასობით ლარი დროშებზე დახარჯა. მან მინიშნება გააკეთა ნაციონალურ მოძრაობაზე, რომლიც დროშაც საკრებულოს შენობაზეა გამოფენილი.

პრეზიდენტმა შევარდნაძემ 15 ოქტომბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე მთავრობის წევრებს ხელფასებისა და პენსიების დროული დარიგება მოთხოვა.

“ყველა ლაპარაკობს, რომ არ რიგდება პენსიები და ხელფასები. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მოსახლეობამ დროულად მიიღოს პენსიები და ხელფასები”, – განაცხადა შევარდნაძემ სხდომაზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)