საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსი კოლეგების საპასუხო განცხადებას აქვეყნებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოხატა თავისი შეშფოთება რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 4 აგვისტოს გავრცელებული ინფორმაციის გამო, რომელშიც “მიუღებელ ტერმინოლოგიასთან ერთად კვლავაც აქვს ადგილი ფაქტების დამახინჯებას”.


“კერძოდ, საქართველოს ხელისუფლების გაფრთხილებას არ დაუშვას სოხუმის აკვატორიაში საქართველოს ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე ხომალდების გადაადგილება, რატომღაც მოჰყვა რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყების აგრესიული და არაადეკვატური რეაქცია”, ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეახსენებს რუსეთის საგარეო უწყებას, რომ აფხაზეთი და მისი ტერიტორიალური წყლები წარმოადგენს საქართველოს იურისდიქციას, რასაც აღიარებს თავად რუსეთის ფედერაცია, და რაზეც, საქართველოს ხელისუფლებას აქვს კონტროლის განხორციელების უფლება.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს არგუმენტები ეყრდნობა საერთაშორისო საზღვაო სამართლის ნორმებს, დსთ-ს სახელმწიფოს მეთაურთა საბჭოს 1996 წლის 19 იანვრის შეთანხმებას და საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 31 იანვრის ბრძანებულებას, რომლითაც დაიხურა სოხუმის საზღვაო ნავსადგური, პორტპუნქტები და საზღვაო აკვატორია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)