ეუთოს მისიის ხელმძღვანელი ცხინვალში ლავროვს შეხვდა

ეუთოს მისიის ხელმძღვანელი საქართველოში ტერი ჰაკალა 15 სექტემბერს ცხინვალში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს შეხვდა.

”ჩვენ განვიხილეთ ეუთოს სამხედრო მონიტორინგის ოფიცრების სამხრეთ ოსეთში შესვლის საკითხი და ეუთოს მისიის გადაადგილების თავისუფლებაზე შეზღუდვების მოხსნის საჭიროება, ასევე ცხინვალში ეუთოს საველე ოფისის გახსნის შესაძლებლობა,”- განაცხადა ელჩმა ტერი ჰაკალამ. ”მე ხაზი გავუსვი კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონში სამოქალაქო მოსახლეობის დაცვის საჭიროებას და ასევე ჰუმანიტარული დახმარების რაც შეიძლება სწრაფად გადაცემის საჭიროებას”.

სერგეი ლავროვმა განაცხადა ცხინვალში სამხრეთ ოსეთის ლიდერთან ედუარდ კოკოითთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე, რომ მოსკოვი დაჟინებით მოითხოვს სამხრეთ ოსური მხარის მონაწილეობას საერთაშორისო განხილვებში სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებულ საკითხებზე. 

ცხინვალში ეუთოს ოფისის ევაკუაცია 8 აგვისტოს განხორციელდა. ევაკუაციამდე ეუთოს რვა უიარაღო დამკვირვებელი ჰყავდა იქ, რომლებიც ცხინვალიდან 15 კილომეტრის რადიუსში ახორციელებდნენ სიტუაციის მონიტორინგს. 8 სექტემბრის შეთანხმება ითვალისწინებს ამ რვა დამკვირვებლის დაბრუნებას ცხინვალში და სადამკვირვებლო მისიის აღდგენას იმ მანდატის ფარგლებში, რომელიც მათ საომარი მოქმედებების დაწყებამდე ჰქონდათ.

ეუთომ 20 დამატებითი დამკვირვებელი განათავსა საქართველოში, თუმცა ისინი სამხრეთ ოსეთის შიგნით შესვლას ვერ ახერხებენ. ვენაში მიმდინარეობს მოლაპარაკებები დანარჩენი 80 დამკვირვებლის განთავსების პირობების თაობაზე, თუმცა პროგრესი ამ საკითხზე არ შეინიშნება.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)